ნინო წილოსანი: არ დავიღლები კითხვით და მოწოდებით ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ იქნებ, აგვიხსნან, ჩვენი ოჯახების სიძლიერე როგორ უშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს
“კიდევ ერთხელ მინდა დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება, რომ როგორც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო ღირსებით ევროპისკენ, ეს იქნება კიდევ ჩვენი შემდგომი 4 წლის მუშაობის დევიზი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთი მხრივ, იდეით, შინაარსით დავახლოვდეთ ევროკავშირთან, მაგრამ ეს დაახლოება არ იწვევდეს საკუთარ მეობაზე უარის თქმას”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
იგი გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონების გაუქმების მოწოდებაზე ევროპელი ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა.
„არ დავიღლები კითხვით და მოწოდებით ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ იქნებ, აგვიხსნან, ჩვენი ოჯახების სიძლიერე როგორ უშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს; რას აშავებს ევროკავშირის იდეის პირობებში ის, რომ ჩვენ ოჯახური ღირებულებები გვაქვს და როგორ ეწინააღმდეგება ჩვენი ოჯახური ღირებულებები ევროპის იდეას. ანუ, ეს იმდენად დიდი აბსურდია, რომ წარმოუდგენელია რაიმე პასუხი არსებობდეს ამაზე. ზუსტადაც რომ პასუხებს ვერ ვიღებთ ვერც ოჯახური ღირებულებების დაცვის პრინციპის მოწინააღმდეგეთაგან. ასევე, ვერ ვიღებთ პასუხებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის თემატიკაზე“, – განაცხადა წილოსანმა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში „ენჯეოების“ სარჩელი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში ჯერ კიდევ არ არის გაგზავნილი.
„დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოში რომც არსებობდეს გაგზავნილი სარჩელი, ისეთივე პასუხით გამობრუნდება, როგორც ნებისმიერი სხვა ბოლო დროს განხორციელებული სარჩელები, სადაც საქართველოს სახელმწიფომ გაიმარჯვა“, – განაცხადა წილოსანმა.