ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული სამხედრო ობიექტები უკრაინისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება
რუსული სამხედრო ობიექტები უკრაინისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.
უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველა მებრძოლს, ვინც დრონების დარტყმების ეფექტურობას უზრუნველყოფს.
„შედეგები ყველასთვის თვალსაჩინოა, როგორც ფრონტის ხაზზე მოქმედი დრონები, ასევე ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დრონები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. რუსული სამხედრო ობიექტები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი მებრძოლებისთვის. მადლობელი ვარ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სპეციალური ოპერაციების ძალების. რუსებს აღარ შეუძლიათ დამალონ თავიანთი სამხედრო საწყობები, აეროდრომები და სამხედრო საწარმოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის ძალისხმევა, ვინც ანადგურებს რუსულ ტექნიკას ფრონტის ხაზზე. კერძოდ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურმა დანაყოფებმა უკვე გაანადგურეს 1300-ზე მეტი რუსული ტანკი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის პარტნიორებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. კერძოდ, მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ამერიკელ პარტნიორებთან ახალ თავდაცვით პაკეტებზე, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსული თავდასხმების ფონზე. ჩვენ გვჭირდება რეალური პროგრესი შორი მანძილის შესაძლებლობებშიც. ამჟამად არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას აძლევს ამერიკელ კონტრაქტორებს იმუშაონ უკრაინაში აღჭურვილობის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ამ პროცესებს. ამ კვირაში დიდმა ბრიტანეთმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ რუსული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ომში არიან ჩართულნი. ლიეტუვა ამზადებს ახალ სამხედრო პაკეტს. მადლობელი ვართ, ჩვენი თითოეული პარტნიორის მთელს მსოფლიოში, ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერის, ვინც ჩართულია ნამდვილი დიპლომატიის წარმატების უზრუნველყოფაში.
ძალიან კარგად გვესმის, რომ დიპლომატიას არ აქვს პერსპექტივა ძალის გარეშე, მაგრამ დიპლომატიური მიზნების გაგების გარეშე, მხოლოდ იარაღი ვერ შეასრულებს თავის საქმეს. სწორედ ამიტომ, ძალა და დიპლომატია ხელიხელჩაკიდებული უნდა მუშაობდეს. ეს არის ერთადერთი გზა მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ასეთი ომის განმეორების თავიდან ასაცილებლად და ეს შესაძლებელია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.