„ერთიანი ელექტრონული სისტემა ენერგეტიკის სექტორში”

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა ჯაბა ხმალაძემ სტუმრად გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ EMES – ,,ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემის’’ შესახებ ისაუბრა, რომელიც ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესებასა და ერთი ფანჯრის პრინციპით ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს და მოიცავს შემდეგ ფუნქციონალებს: ინტერაქციული რუკა, ინფორმაციული ჰაბი, ინფორმაციაზე წვდომის ადმინისტრირება, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, ინფორმაციული უსაფრთხოება, მონაცემთა დამუშავება და დაარქივება, პროექტების მართვა და მონიტორინგი, საკომუნიკაციო სივრცე.

ჯაბა ხმალაძის განცხადებით, ელექტრონული მმართველობა ენერგეტიკის დარგში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კონცეფციაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო მომსახურებებით სარგებლობის გაციფრულებასა და გამარტივებას. აღნიშნული უზრუნველყოფს საჯარო სტრუქტურების სერვისების წვდომას საერთო პლატფორმაზე, ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბაზის შექმნის მეშვეობით. ამასთან, ჯაბა ხმალაძემ აღნიშნა, რომ EMES – ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემა“ საშუალებას მისცემს მომხმარებელს, ადგილმდებარეობის მიუხედავად ისარგებლოს სხვადასხვა საჯარო უწყებების სერვისებით.

გარდა ამისა, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ ისაუბრა ენერგეტიკის დარგში EMES – ,,ენერგეტიკის მართვის ელექტრონული სისტემის პლატფორმის შექმნის მნიშვნელობაზე, რომლის მეშვეობითაც გაიზრდება უწყებებს შორის მონაცემთა გაცვლის სტანდარტები, ურთიერთთავსებადობა და ეფექტურობა, რაც ნიშნავს ნაკლები დროის დანახარჯს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. მისი თქმით, პლატფორმა საშუალებას მისცემს, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორს მარტივად ერთ სივრცეში პირადი გვერდის მეშვეობით მიიღოს საჭირო ინფორმაცია და ელექტრონულად შეძლოს პროექტის იდენტიფიცირება, ინიცირება და ადმინისტრირება.

მრავალფუნქციური სისტემა უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობასა და დარგში ეფექტურობის ზრდას – განაცხადა ჯაბა ხმალაძემ.

აღსანიშნავია, რომ სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი”, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო კომპანიას და რომლის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას, შესაბამისი ფონდების მოძიებას, პროექტების განვითარებასა და მათი ეფექტიანი განხორციელებას. ფონდი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, ენერგეტიკის სფეროში ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სუბიექტებთან თანამშრომლობით 2023 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობს ენერგეტიკის სფეროში ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბაზის შექმნაზე.

2024 წლის 5 ნოემბრის მთავრობის განკარგულებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სერვისების განვითარების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმა შემუშავება და უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა და კოორდინაცია.

ასევე იხილეთ