10 ნოემბერს, კონკურსის –  „ლეონარდო და ვინჩი“  გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 

10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს ინიციატივით  გაიმართა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის –  „ლეონარდო და ვინჩი“  გამარჯვებულების, ასევე,  ღვაწლმოსილ და  ახალგაზრდა  მეცნიერთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. 

ღონისძიების მონაწილეებს, სხვადასხვა თაობის მეცნიერებს,  მეცნიერებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ მოსწავლე  ახალგაზრდებს    მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს და მისასალმებელი სიტყვით მიმართეს   საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ,  მასპინძელი ორგანიზაციის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა. 

მეცნიერებს სიგელები და ჯილდოები გადასცეს  ალექსანდრე წულაძემ და  თეიმურაზ დოჭვირმა. 

მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის  დაჯილდოვდნენ   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის პრემიის ლაურეატი მეცნიერები: 

დავით შენგელია – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის პეტროლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილების გამგე; 

ელენე მაჭავარიანი – ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 

ოთარ გამყრელიძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 

ნოდარ კახიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 

პრემიით ასევე დაჯილდოვდნენ სამეცნიერო პროექტებსა და პროგრამებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა მკვლევრები და მეცნიერები: 

ქეთევან კანკავა – მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი; 

ლერი თავაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; 

ლევან ტიელიძე –გეოგრაფიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 

ირაკლი ლომიძე – ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 

ნინო ფოჩხიძე – ბიოლოგიის დოქტორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 

ელისაბედ ზალდასტანიშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი; 

 

რუსთაველის ფონდის პრემიის ,,ქალები მეცნიერებაში“ –  განსაკუთრებული მიღწევებისათვის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით“     მფლობელი გახდა ნანული კოტრიკაძე –   ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტი; 

 მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულებს – გრანპრის მფლობელ, I, II და III ადგილებზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ პრიზები და ფულადი ჯილდოები. გრანპრის მფლობელი  გახდა პროექტის „ეკომეგობრული ჭკვიანი თევზის ფერმა“ შემქმნელი გუნდი;  პირველ ადგილზე გავიდნენ  პროექტის „წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი“ ავტორები; მეორე ადგილზე –   პროექტის „კოსმოსური დანიშნულების V კლასის მემბრანული კინემატიკური წყვილების დამზადების ტექნოლოგია“ შემქმნელები,  ხოლო მესამე ადგილზე –   პროექტის „THE TATMAN“  მონაწილე მოსწავლეები. 

 ორი  ინოვაციური პროექტის მონაწილეებს  ამ დღისთვის სპეციალურად დაწესებული პრიზები გადასცეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ  სოსო გიორგაძემ და   „ლეონარდო და ვინჩის“  წინა წლების გამარჯვებულებმა –   ანზორ ყუფარაძემ და   ნატა სულაქველაძემ. 

მეცნიერების საერთაშორისო დღე  მშვიდობისა და განვითარებისთვის   გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის –  „იუნესკოს“ მიერ დაარსდა  და   ყოველწლიურად  10 ნოემბერს აღინიშნება 2001 წლიდან.  

ასევე იხილეთ