ალექსანდრე იაშვილი: სანიოლისადმი ინტერესს ძალიან ბევრი ნაკრები და კლუბი იჩენდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა ვილი სანიოლთან გაფორმებულ ახალ კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2028 წლამდე იმუშავებს.
“მიხარია, რომ ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტის გაფორმება შევძელით. მის მიმართ ინტერესს ძალიან ბევრი ნაკრები და კლუბი იჩენდა. ვილისთან ერთად დიდი და წარმატებული გზა გავიარეთ. ჩვენი მიზანია, რომ მომავალში ერთად უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ”, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.
ახალი კონტრაქტის თანახმად, ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონში გაიმარჯვა და B ლიგაში დაწინაურდა, ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ევრო 2024-ის საუკეთესო 16 გუნდში მოხვდა.