სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სსიპ იუსტიციის სახლს შორის მომხმარებლისათვის სააგენტოს სერვისების მიწოდების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ და სსიპ იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ლაშა ლობჟანიძემ.
თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლის 1 დეკემბრიდან, იუსტიციის სახლებში დაიწყება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვების მიზნით შესაბამისი განცხადებების მიღება.
სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ქვეყნის მასშტაბით მიიღონ ზემოაღნიშნული მომსახურეობა.
ხსენებული ნებართვები სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაიცემა 3 წლის ვადით და მათი მიზანია ხელი შეეწყოს მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას, საავტომობილო სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის შექმნას, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის პროცესის განვითარებას.