„როიტერი“: სანქციების გამო, შვეიცარიული ბანკი UBS რუსი კლიენტების ანგარიშებს ხურავს
სანქციების გამო შვეიცარიული ბანკი UBS რუსი კლიენტების ანგარიშებს ხურავს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც „როიტერი“ აღინიშნავს, აშშ-ის ხელისუფლება, რომელიც რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დაცვას აკონტროლებს, დაინტერესდა რუსი კლიენტების ანგარიშებით, რომლებიც 2023 წლის მარტში Credit Suisse-ის შთანთქმის შემდეგ შვეიცარიულ ბანკ UBS-ში გადავიდნენ.
სააგენტოს ორმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-ს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ UBS-ს ამ საკითხთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა. სააგენტოსთან საუბარში ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ აშშ-ის ხელისუფლებასა და ბანკს შორის ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობდა. მან ასევე შეაქო შვეიცარიული ბანკი თანამშრომლობის მზადყოფნისთვის.
„როიტერის“ ერთ-ერთი წყაროს თქმით, UBS ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს სანქციების შესაძლო დარღვევის შედეგები, კონკრეტულად კი, ბანკი ზოგიერთი რუსი კლიენტის ანგარიშებს ხურავს.
UBS-მა გადაიბარა 1.3 მილიონზე მეტი კლიენტი, რომლებსაც ადრე ანგარიშები Credit Suisse-ში ჰქონდათ გახსნილი. 2022 წელს Credit Suisse-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბანკში არსებული თანხების ოთხი პროცენტი რუს კლიენტებს ეკუთვნოდა, რაც „როიტერის“ ცნობით, 35 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2024 წლის ივლისში, „როიტერი“ იუწყებოდა, რომ შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის სამსახური თვალყურს ადევნებს, თუ როგორ ამოწმებს UBS Credit Suisse-ის მდიდარ კლიენტებს, რომელთა სახსრების წარმოშობამ ბანკს შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.
„როიტერის ცნობით, აშშ-სა და შვეიცარიას შორის ბოლო პერიოდში სანქციების გამო დაძაბულობა იზრდება. ვაშინგტონი მოითხოვს, რომ შვეიცარიამ უფრო აქტიურად აღკვეთოს უკანონო ფინანსური საქმიანობა. აშშ კრიტიკულად აფასებს იმ ფაქტს, რომ შვეიცარიაში არ არსებობს კანონი, რომელიც საშუალებას მისცემდა, გაერკვიათ, ვინ არის რეალურად აქტივების, უძრავი ქონების ან ბიზნესის მფლობელი და ხომ არ არის მის მიმართ დაწესებული სანქციები.
„როიტერის“ მიხედვით, აშშ-ში შიშობენ, რომ შვეიცარია რუსეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია დაწესებული, უკანონო ფინანსური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
შვეიცარიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნის პარლამენტმა უნდა განიხილოს მთავრობის წინადადება კომპანიებსა და ფონდებში ფინანსების მართვის უფლების მქონე პირთა რეესტრის შექმნის შესახებ და ასევე, ფულის გათეთრებაში მონაწილე ადვოკატების სასჯელის გამკაცრების თაობაზე.