ნინო წილოსანი: პარლამენტის სხდომის პირველივე დღეს იქნება ხელშეშლის მცდელობა, მაგრამ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას ხელს ვერავინ შეუშლის

“ფაქტია, რომ პარლამენტის სხდომის პირველივე დღეს იქნება მცდელობა, რაღაცნაირად ხელი შეუშალონ, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას ხელს ვერავინ შეუშლის”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ქალები წინა ფლანგზე სპეციალურად გამოიყვანა, რომ ამ ქალების განსაკუთრებული აგრესიის ფონზე სამართალდამცველებით, რომლებიც მართლაც თავის უფლებამოსილებას ასრულებდნენ, უსიამოვნო კადრი შექმნილიყო.

„ქუჩა არის ის ერთადერთი რესურსი, რაც დარჩენილი აქვს ოპოზიციას, თუმცა, მათ რევოლუციურ სცენარებსაც ყავლი გაუვიდა იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც საუკეთესოდ მუშაობს სამართალდამცავი სისტემის ყველა შტო, მიმდინარეობა და მიმართულება. თუნდაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან პრევენციულად გაკეთებული არაერთი განცხადება წინასაარჩევნო პერიოდში, გარკვეულწილად, ალბათ გახდა იმის საფუძველი, რომ იმ ყველაზე დრამატული სცენარებიდან აეღოთ ხელი, რაც დარწმუნებული ვარ იყო და მუშავდებოდა. მათ შორის უცხოური გაიდლაინებიც ჰქონდათ, რევოლუციები როგორ გაეხადათ უფრო სისხლიანი, დრამატული და ემოციური. ეს ყველაფერი მეორე ეტაპზე გადაიდო. ახლა მათ ხელთ არის ყვირილი, ტირილი, წივილი, ისტერიკა, რასაც ვუყურებ. ჩემდა სამწუხაროდ დღეს ქალები გამოიყვანეს წინა ფლანგზე, ამასაც ძალიან რაციონალური გათვლა ჰქონდა, ის სცენები უნდოდათ დაედგათ, რომ ამ ქალების განსაკუთრებული აგრესიის ფონზე, სამართალდამცავებით, რომლებიც მართლაც თავის უფლებამოსილებას ასრულებდნენ, უსიამოვნო კადრი შექმნილიყო.

ჩემთვის სამწუხაროა, რომ მათი პარტიის ქალებს მიენიჭათ ის უმსგავსო როლი, რომელსაც ყველა ვუყურებთ ეკრანებზე და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მათ ამ როლის გარდა არანაირი ინტელექტუალური როლი არ მიანიჭეს. ფაქტია, რომ ქუჩის პროცესები გაგრძელდება. ფაქტია, რომ პარლამენტის სხდომის პირველივე დღეს იქნება მცდელობა, რომ რაღაცნაირად ხელი შეუშალონ. მაგრამ ასევე ფაქტია, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას ხელს ვერავინ შეუშლის. ჩვენ მივიღეთ დავალება, ვიყოთ ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში. აუცილებლად შედგება ეს პარლამენტი, მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოც ისეა გაწერილი, რომ უმცირესობა ნამდვილად ვერ გადაწყვეტს უმრავლესობის ბედსა და სურვილებს“, – აღნიშნა წილოსანმა.

ასევე იხილეთ