უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში არ შესულან და დასახლებას უკრაინის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ
უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში არ შესულან და დასახლებას უკრაინის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. ამის შესახებ უკრაინულ მედიას გენშტაბის სპიკერმა, ანდრეი კოვალევმა განუცხადა.
„რუსი ოკუპანტების ყველა იერიში ამ მიმართულებით წარმატებით მოგერიებულია. რუსმა დამპყრობლებმა კუპიანსკში შესვლა ვერ შეძლეს. ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა მან.
გენშტაბის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 13 ნოემბერს რუსეთის ძალებმა სცადეს კუპიანსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევა, რა დროსაც მოწინააღმდეგის მოიერიშე ჯგუფები უკრაინელი სამხედროების პოზიციებს თავს დაესხნენ ტექნიკის 15 ერთეულის გამოყენებით.
კოვალევის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმა ეცვა, რაც სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს. გენშტაბის სპიკერის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეაჩერეს მტრის სვლა და გაანადგურეს მისი ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი.
მანამდე, უკრაინულმა ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ. გენშტაბი საზოგადოებას მოუწოდებს, ენდოს მხოლოდ ოფიციალური წყაროებს.