გიორგი კახიანი: არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ

“არჩევნების შედეგებმა დაგვანახა ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მათ შორის, ეს მხარდაჭერა გამოიხატება იმ კანონების მხარდაჭერაშიც, რასაც ვეძახით „გამჭვირვალობის“ და „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის“ კანონს”,– განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

„ჩვენი საზოგადოება მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, ამავდროულად, ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ლგბტ პროპაგანდისგან. ამის საწინააღმდეგოდ როდესაც ჩვენ ვისმენთ მოთხოვნებს, რომ უნდა გაუქმდეს ეს ორი კანონი, ელემენტარულ კითხვას ვსვამთ: ამ კანონების გაუქმებისთვის რა არგუმენტი არსებობს? ამასთან დაკავშირებით არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია. მხოლოდ ზოგადად ვისმენთ, რომ თითქოს ამან შეიძლება დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვიოს. სხვა სამართლებრივი რაიმე არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია. ევროპელ კოლეგებთან ღია ვართ კონსულტაციებისთვის.

მზად ვართ, დავილაპარაკოთ და თუ რამე სამართლებრივი შენიშვნები გააჩნიათ ან ერთ, ან მეორე კანონთან, ამაზე ვიმსჯელოთ. მაგრამ ვისმენთ მხოლოდ ჰაერში გასროლილ სრულიად უსაფუძვლო და უარგუმენტო მოთხოვნებს – გაუქმდეს კანონი, ის, რაც მოსახლეობის ნებაა და რაც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით დააფიქსირა. ბუნებრივია, რომ მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ არ წავალთ და იმ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ინტერესშია“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ასევე იხილეთ