ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გვექნება ხელშესახები ცვლილებები ურთიერთობების გაჯანსაღების და გადატვირთვის კუთხით, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან

“ჩვენთვის კვლავაც რჩება მთავარ პრიორიტეტად ურთიერთობების გადატვირთვა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში – “აქტუალური თემა” ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ელჩი დანიგანის პოზიციას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მალე იქნება ხელშესახები შედეგები ურთიერთობების გაჯანსაღების და გადატვირთვის კუთხით.
„მე არ მინდა აქ სიღრმეში შევიდე. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კვლავაც რჩება მთავარ პრიორიტეტად ურთიერთობების გადატვირთვა. ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში წინა ელჩის პირობებში, გახსოვთ, რაც გამოვიარეთ 2020 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2021 წელს, 2022-ში, 2023-ში, რევოლუციის 2 მცდელობა იყო ამ წლების განმავლობაში, შესაბამისად, ურთიერთობების ის დონე, რომელიც არის დღეს სახეზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს და ამას სჭირდება თვისებრივი, არსებითი გადატვირთვა. ამაზე ვართ ჩვენ ორიენტირებულები, ამიტომ არ მინდა, სიღრმეებში შევიდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ძალიან მალე ხელშესახები ცვლილებები ურთიერთობების გაჯანსაღების და გადატვირთვის კუთხით. მე მგონია, რამდენიმე თვეში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება სერიოზული ძვრები ამ ურთიერთობებში. 
ჩვენ სამ რამეს ვუკავშირებდით ურთიერთობების გადატვირთვას, ეს იყო ჩვენი არჩევნები, რომელიც უკვე დასრულდა და დასრულდა იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჯანსაღ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, დასრულდა ამერიკის არჩევნები და ესეც დასრულდა ისე, როგორც ყველაზე მეტად წაადგება ურთიერთობების გადატვირთვას და დარჩა მესამე საკითხი – ეს არის უკრაინაში ომის დასრულება,“– განაცხადა პრემიერმა.
ასევე იხილეთ