ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე: სამივე არჩევნებზე დასკვნას თუ ავიღებთ და შევადარებთ, ვნახავთ, რომ საქართველოს დასკვნა არ არის უარესი, ვიდრე მოლდოვის ან ამერიკის შეერთებული შტატების
“სამივე დასკვნას თუ ავიღებთ და შევადარებთ, ვნახავთ, რომ საქართველოს დასკვნა არ არის უარესი, ვიდრე მოლდოვის, ან ამერიკის შეერთებული შტატების”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედი LIVE“-ში ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
„უკანასკნელ სამ კვირაში სამი არჩევნები შედგა ეუთო-ს წევრ ქვეყნებში – მოლდოვაში, აშშ-სა და საქართველოში. ლიტვაშიც შედგა, მაგრამ ლიტვას არ ჰყოლია ეუთოს დამკვირვებლები, ესეც საინტერესოა. სამივე დასკვნას თუ ავიღებთ და შევადარებთ, ვნახავთ, რომ საქართველოს დასკვნა არ არის უარესი, ვიდრე მოლდოვის, ან ამერიკის შეერთებული შტატების.
მოლდოვასთან მიმართებაში თუ არ არის კითხვის ნიშნები არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, მითუმეტეს არ უნდა იყოს კითხვის ნიშნები საქართველოსთან მიმართებაში. მოლდოვაში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამაც გადაწონა როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის შემთხვევაში ხმები, ასევე რეფერენდუმის სასარგებლოდ, იყო არჩევნებში მოპოვებული ხმები საზღვარგარეთ ჩატარებულ უბნებზე, სადაც არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი დამკვირვებლები არ იყვნენ. თუ ეს ყველაფერი მოლდოვის შემთხვევაში მისაღებია, მითუმეტეს საქართველოს შემთხვევაში უნდა იყოს მისაღები, რადგან აქ არ იყო ისეთი დონის დარღვევები, რომელსაც შეეძლო რაიმე გავლენა მოეხდინა არჩევნებზე“, – აღნიშნა სამხარაძემ.