შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ასევე იხილეთ