აშშ არ იზიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ნეთანიაჰუსა და გალანტის მიმართ დაკავების ორდერების გაცემას

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემას აშშ არ ეთანხმება, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე და შეერთებული შტატები სამომავლო ნაბიჯებს, პარტნიორებთან, მათ შორის ისრაელთან განიხილავს.

„ჩვენ უარვყოფთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. შეშფოთებულნი ვართ პროკურორის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის დროს დაშვებული შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე. პარტნიორებთან, მათ შორის ისრაელთან კოორდინაციით, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა ჟან-პიერმა.

ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერები გასცა. მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუს და გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

ასევე იხილეთ