ზელენსკი: დნიპროზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინამ ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დნიპროზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინამ ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაიწყო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ადგენს ახალ დეტალებს იმ რაკეტასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა გამოიყენა დნიპროზე დასარტყმელად და მზად არის, გააზიაროს ეს დეტალები, რადგან „მსოფლიომ უნდა იცოდეს სიმართლე და გააცნობიეროს, რომ ერთადერთი, ვისაც მშვიდობა არ სურს, არის რუსეთი“.
„კერძოდ, ჩემი დავალებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკვე მართავს შეხვედრებს ჩვენს პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებთან დაკავშირებით – სწორედ იმ სისტემებზეა საუბარი, რომლებსაც შეუძლიათ სიცოცხლის დაცვა ახალი რისკებისგან“, – დასძინა მან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული დარტყმა განახორციელეს.
„პირველად საბრძოლო პირობებში, შეტევაში წარმატებით იყო გამოყენებული საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“, არაბირთვული ჰიპერბგერითი აღჭურვილობით“, – აღნიშნეს უწყებაში.