ნოემბრის ტესტმატჩების სერიის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ტონგას უმასპინძლებს

24 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის დასკვნით თამაშს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ტონგასთან გამართავს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, თუმცა გულშემატკივრებს სტადიონის მიმდებარედ 13:00 საათიდან შეუძლიათ შეკრება.

იტალიასთან მატჩის შემდეგ რიჩარდ კოკერილმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ტრავმა მოიშუშა და შერკინების მესამე ხაზში გუნდს ბექა საღინაძე უბრუნდება. სასტარტოში დაწინაურდა ლუკა ივანიშვილი. თითო-თითო ცვლილებაა პირველ და მეორე ხაზებში. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე თამაშს გიორგი ახალაძე დაიწყებს. კვლავ ძირითადში არიან კვაჭი ვანო კარკაძე და მარჯვენა ბურჯი ირაკლი აფციაური, ხოლო მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება.

რიჩარდ კოკერილის გადაწყვეტილებით, შეცვლაზე ექვსი მორკინალი იქნება. ნოემბრის ტესტმატჩებში პირველად ითამაშებენ ბურჯი გიორგი მამაიაშვილი და მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი. მათ გარდა, შერკინებაში შეცვლაზე შევლენ ლუკა ნიორაძე, ლუკა ჯაფარიძე, გიორგი ჯავახია და ილია სპანდერაშვილი.

საქართველოს ტონგას წინააღმდეგ აქამდე შვიდჯერ უთამაშია და მათგან ხუთი მოიგო. „ბორჯღალოსნები“ კუნძულელებს ბოლოს 2018 წლის 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ შეხვდნენ და დღემდე სარეკორდო სხვაობით, 20:9 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 34 კეპი, 68 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 45, 200), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 62, 40), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 8), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 116, 95), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 24, 160), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 89, 83, კაპ.);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 8), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 17, 25 ქულა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 12), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 12, 20), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 20, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 17, 10), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 42, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 37, 35).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 9), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 9, 5), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 16, 10), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 10, 15), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (პენზა, 6); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 54, 35), 23. გიორგი შველიძე (ბრივი).

ასევე იხილეთ