ბრიტანული ბანკი HSBC რუსეთიდან და ბელარუსიდან ფიზიკური პირების გადარიცხვების მიღებას წყვეტს
ბრიტანული ბანკი HSBC რუსეთიდან და ბელარუსიდან ფიზიკური პირების გადარიცხვების მიღებას წყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბანკმა კლიენტებს გაუგზავნა შეტყობინება, სადაც გააფრთხილა, რომ აკრძალვა შეეხება ფიზიკურ პირ კლიენტებს და დაწესებულია ორივე ქვეყნიდან ნებისმიერ შემომავალ ოპერაციაზე.
ცნობისთვის, 2023 წლის ზაფხულიდან HSBC-მა უკვე შეწყვიტა გადახდების მომსახურება რუსული კომპანიებისთვის, რომლებიც მის ჰონგ-კონგის ფილიალს იყენებდნენ აზიასთან ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის. შეზღუდვები დაწესდა მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგს ამერიკელი ოფიციალური პირები ეწვივნენ, რომლებმაც მოითხოვეს რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდების შეწყვეტა.
HSBC-ს არ განუმარტავს ახალი აკრძალვის მიზეზები, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც აშშ-მა გაამკაცრა ფინანსური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და შავ სიაში შეიყვანა 50 რუსული ბანკი, მათ შორის სახელმწიფო „გაზპრომბანკი“.
ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა ასევე მთელ მსოფლიოში გააფრთხილა საკრედიტო ორგანიზაციები შესაძლო საპასუხო ზომების შესახებ SWIFT-ის რუსულ ანალოგთან – რუსეთის სახელმწიფო ბანკის ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემასთან თანამშრომლობისთვის.
ამ სისტემის წინააღმდეგ ევროპაში სანქციები 2024 წლის ზაფხულიდან მოქმედებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს სისტემა სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება.