სოსო ტყემალაძე: აუცილებლად გავდივართ გამარჯვებისთვის, მაყურებელს მინდა ვთხოვო, მაქსიმალურად მოვიდნენ და უგულშემატკივროს ჩვენს ნაკრებს, ვინაიდან აბსოლუტურად სხვა თვალსაწიერშია დღეს საქართველოს რაგბი მოქცეული

“პირველი იმით დავიწყებდი, რომ თუ მშვიდობაა, ვუყურებთ რომ მთლიანად ქართული სპორტი წინ მიდის”, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ.

მისივე თქმით, ხვალინდელ თამაშს მნიშვნელობა საკმაოდ დიდი აქვს.

„პირველი იმით დავიწყებდი, რომ თუ მშვიდობაა, ვუყურებთ რომ მთლიანად ქართული სპორტი წინ მიდის. როგორი იყო ოლიმპიური შედეგები, როგორი ფეხბურთი, კალათბურთი და მათ შორის, რაგბი. თითქმის მესამე წელია, რაც წელი არ გადის ისე, რომ T1 ქვეყანას არ მოვუგოთ და ასეთი ამ წელს იაპონია იყო. შარშან უელსი გვახსოვს. ამ მონაცემებით მსოფლიო რაგბი უფრო მეტ და უფრო ძლიერ თამაშებს გვაძლევს. ჩვენ ვიხილეთ იტალიასთან თამაში, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი მარცხით დამთავრდა, მაგრამ ჩემი კომენტარიც ნახეთ, რომ თავაწეული წამოვედით იქიდან, ვინაიდან, ყოველ საფეხურზე, რაც წინ მივიწევთ, კონკურენციაც მეტად იზრდება.

ის ანგარიში, რომლითაც დასრულდა, ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინაზე ბათუმში გავიმარჯვეთ, ძალიან კონკურენტული იყო და მით უმეტეს, ახალი მწვრთნელის ხელში, როდესაც ერთი წელია გუნდი ჩაიბარა. ამ მხრივ, ხვალინდელ თამაშს მნიშვნელობა საკმაოდ დიდი აქვს. ახალ ზელანდიას რაც ვეთამაშეთ, შემდეგ იტალიას და ხვალინდელი თამაში ჩვენ გვაჩვენებს ჩვენს საერთო ფორმაში ყოფნას. აუცილებლად გავდივართ გამარჯვებისთვის. მაყურებელს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოვიდნენ და დაესწრნენ მოედანზე, უგულშემატკივროს ჩვენს ნაკრებს, ვინაიდან აბსოლუტურად სხვა თვალსაწიერშია დღეს საქართველოს რაგბი მოქცეული. მთელი მსოფლიო უყურებს, უყურებენ იმასაც, თუ რამდენი გულშემატკივარი იყო იტალიაში ჩასული ისევე, როგორც საფრანგეთში და ეს განაპირობებს ჩვენს შემდეგ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე, რომ როგორც არ უნდა ვთქვათ, ნელ-ნელა ვაკაკუნებთ ექვსი ერის კარზე.

ამავდროულად, ვცდილობთ, რომ საკლუბო დონეზე „შავი ლომით“ შევიდეთ ისეთ გათამაშებაში, რომელსაც ჰქვია „იუერსი“. ამაზე უკვე გაღრმავებული მოლაპარაკებები გვაქვს და ველოდებით გადაწყვეტილებებს. ეს დაახლოებით რომ შევადაროთ ფეხბურთს, ჩემპიონთა ლიგის ტოლფასია. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, თუ მშვიდობაა, წინ მივიწევთ“, – აღნიშნა სოსო ტყემალაძემ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის დასკვნით თამაშს ტონგასთან ხვალ გამართავს.

ასევე იხილეთ