თეა წულუკიანი: სცენარი არის ერთი და იგივე

„სცენარი არის ერთი და იგივე. როდესაც ოპოზიციას განურჩევლად იმისა, რა ერქვა წარსულში, რა ჰქვია დღეს და როგორი კონფიგურაციით არის, არ ირჩევს ხელისუფლებაში მოსასვლელად ხალხი, ისინი დახმარებას ეძებენ ქვეყნის გარეთ იმ კონკრეტულ ძალებში, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილნი ქართველი ხალხის და მათი სამშობლოს მიმართ”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

„მიზანი არის ის, რომ როგორმე ხელისუფლებას ჩამოაშორონ ძალა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც გაბედა და პირველმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაძლო ხელისუფლებაში საკმაოდ დიდხანს და ხმამაღლა თქვა, რომ საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

თუკი ორგანიზაციას ავიღებთ ევროკავშირის სახით და არა რომელიმე კონკრეტულ ევროპულ ქვეყანას, მას აქვს ძალიან ღრმა კრიზისი, პოლიტიკური და მორალურიც. მორალური იმდენად, რამდენადაც მე და ჩემნაირ ევროპაში სკოლა და უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანებს გვგონია, რომ ეს ის ევროკავშირი არ არის, რისკენაც დამფუძნებელი მამები მიისწრაფოდნენ თავის დროზე, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დიდი იდეალების და იმედების გარშემო გააერთიანეს საკუთარი ძალები.

თუ ავიღებთ წამყვან ქვეყნებს, იმ წევრ სახელმწიფოებს, რომელთა გარეშეც არ არსებობს ევროკავშირი, ამ ქვეყნებშიც ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისის თვალსაჩინო ნიშნები არის უკვე სახეზე.

როდესაც მე ვესაუბრები ჩემს ყოფილ ჯგუფელებს, რომლებიც დასავლეთ ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსნები არიან დღეს და ვუხსნი, რომ მათი ქვეყნის წარმომადგენელი ესა თუ ის ელჩი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ამბობენ, რატომ აქცევთ ყურადღებას ამ კონკრეტულ ადამიანს, რადგან მას საერთოდ არა აქვს ჩვენთან კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტში დიდი წონა და ავტორიტეტი.

სალომე ზურაბიშვილის პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულია, ვიდრე იმ ოპოზიციის, რომელიც ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და ბრაზდება, რომ დამარცხდა. ისინი რეალურად „ქართულ ოცნებაზე“ კი არ ბრაზობენ, ისინი ბრაზობენ საკუთარ ხალხზე. ხალხს არავინ არ უნდა უბრაზდებოდეს, რადგან ხალხი თავისუფალია თავის არჩევანში. სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში უფრო მძიმეა, ვინაიდან ის გაზრდილია ნოსტალგიაში, იმ იდეით, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნდება და გადაარჩენს საქართველოს. ის ნამდვილად დაბრუნდა და საქართველოს გადარჩენის ნაცვლად მოუტანა ძალიან ბევრი პრობლემა.

ეს არის პრეზიდენტი, რომელმაც თავისი წარმოშობის ქვეყნისთვის სიკეთის მოტანის ნაცვლად გაუკეთა ძალიან დიდი და ბევრი ბოროტება. მე იმედი მაქვს მან იცის, რომ ის ვერ შევა უახლესი ქართული პოლიტიკის ისტორიაში, როგორც დადებითი ფიგურა და სამწუხაროა ისიც მისთვის, რომ თავის დროზე სასურველ ქვეყანას დატოვებს როგორც დამარცხებული, რომლის შესახებაც ჩვენ გვემახსოვრება მხოლოდ ის, რომ მან თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მობილიზაცია გაუკეთა უცხოურ ძალებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ