XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო. სხდომას უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება, რომელიც სპიკერატში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე იქნება წარმოდგენილი.
სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ სიით არჩეული წევრები იმყოფებიან, მათ შორის სხდომას ესწრება სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. რეგისტრაცია პარლამენტის 88 წევრმა გაიარა.
სხდომაზე მიწვეული არიან მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები.
პარლამენტის პირველ სხდომაზე ორი დროებითი კომისია – ხმის დამთვლელი კომისია და სამანდატო კომისია შეიქმნება. ამ წუთებში სწორედ აღნიშნული პროცედურა მიმდინარეობს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით ირჩევა და ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე შეწყვეტს.
რაც შეეხება პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ის 17 წევრის შემადგენლობით იქმნება და უფლებამოსილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე შეუწყდება.
რეგლამენტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარე პარლამენტს არჩევნების შედეგებს გააცნობს და სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას გადასცემს. თავის მხრივ, დროებითი სამანდატო კომისია დოკუმენტებს შეისწავლის და შედეგებს დადგენილების პროექტში ასახავს. პარლამენტი პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას, დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ერთიანი სიით, დადგენილებით სცნობს.
აღსანიშნავია, რომ დადგენილებაში ის პირი არ შეიტანება, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ საეჭვოდ მიიჩნია.
პარლამენტი უფლებამოსილებას პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეიძენს. ამ მომენტიდან წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს ცესკოს თავმჯდომარე: – “მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ, პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს მოაწერენ ტექსტს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე, პარლამენტის წევრები პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიის შედგენის თაობაზე.
პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პლენარულ სხდომას მიაწვდის ინფორმაციას ფრაქციების შექმნის, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიის რეგისტრაციის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო.
ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს შემდეგი თანამიმდევრობით განიხილავს: – აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს. პარლამენტის პირველი სხდომა აღნიშნული საკითხების ამოწურვამდე გაგრძელდება.
ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, XI მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლო უმრავლესობა პარტია “ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს „კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი – „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შესძლო „ძლიერმა საქართველომ“, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა.
„ქართული ოცნების“ გარდა, არც ერთი ბარიერგადალახული პარტია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.