კახა კალაძე: რა რევოლუციაზე, რა აჯანყებაზეა საუბარი?! ჯერ გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად, მეორეც – ამის საფუძველი არ არსებობს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, ქვეყანაში აჯანყების არავითარი საფუძველი არ არსებობს, რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა და ხალხის უმრავლესობას ე.წ. რადიკალებისგან განსხვავებული მოთხოვნები აქვს. ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ამჟამად ოპოზიციაში ერთმანეთზე გადაბრალების კამპანია მიმდინარეობს.

„დაწყებული აქვთ ერთმანეთზე გადაბრალების კამპანია. ჯერ აზეიმეს თავიანთი ამომრჩეველი, ატყუებდნენ, რომ თითქოს არჩევნებში გაიმარჯვეს. ჯერ მთელი კამპანიის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ გამარჯვებულები იყვნენ. თავიანთი ფალსიფიცირებული კვლევებით, ეგზიტპოლებით შეცდომაში შეჰყავდათ თანამოაზრეები და დღესაც იგივე გრძელდება. ნახეთ, სოციალურ ქსელებში ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს ბრალს სდებენ. ზოგადად, რევოლუცია ქვეყანაში ხდება მაშინ,  როდესაც სიტუაცია მომწიფებულია, როდესაც არის უამრავი განაწყენებული ადამიანი. მაგალითად ავიღოთ 2012 წლამდე არსებული მდგომარეობა. იყო უმძიმესი სიტუაცია ყველა მიმართულებით. შეზღუდული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება; გვახსოვს, როგორ შედიოდნენ ციხეში ადამიანებთან, ქონებას ართმევდნენ, სახელმწიფოზე ან თავიანთ კომპანიებზე აფორმებდნენ, ციხეებში უსწორდებოდნენ პატიმრებს. საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია. დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია, თავისუფლება, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ბიზნესი თავისუფალია. რა რევოლუციაზე, რა აჯანყებაზეა საუბარი?! ჯერ გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად, მეორეც – ამის საფუძველი არ არსებობს, განწყობები არ არის. ის რამდენიმე ადამიანი, ვინც არის, არის ილუზიაში, რეალობას მოწყვეტილი, თავის სოციალურ ქსელში საკუთარი „ბაბლი“ ჰყავთ და ამით განსაზღვრავენ, ამით უნდათ დაიჯერონ და დააჯერონ სხვებსაც, რომ ქვეყანაში არის სხვა განწყობა. რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ხალხს უნდა მშვიდობა, სიმშვიდე, თავისუფლება, დემოკრატია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა, ის, რასაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში, ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იგივე სახეებია. ეს რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას მეტის გაკეთება არ შეუძლია და მათ მაქსიმუმს უკვე არჩევნებში მიღებული შედეგის სახით მიაღწიეს.

„არ ვიცი, რა მაქსიმუმზეა ლაპარაკი. მაქსიმუმი მათ გააკეთეს არჩევნებში. მე უბრალოდ წარმოუდგენელი მგონია ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში ამ რადიკალებს ჰქონდა. ერთმანეთზე გადაბრალება მიდის, რა გეგმაზეა საუბარი. ხალხის გარკვეულმა რაოდენობამ მხარი დაგიჭირა? – კეთილი ინებე, შებრძანდი პარლამენტში და გააკეთე შენი გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან. ესენი არიან დაჯგუფება, რომელიც ებრძვის სახელმწიფოებრიობას, იმართებიან გარედან და რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთონ, ისე უნდა იმოქმედონ. ისინი თავიანთ თავს არ ეკუთვნიან. ეს არის დღევანდელი რეალობა და მოცემულობა. დააკვირდით მათ განცხადებებს, ქმედებებს, არ არიან ჩამოყალიბებული. ყოველთვის ელოდებიან, უცხოეთიდან რას ეტყვიან, როგორ უნდა იმოქმედონ და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ