მიხეილ სარჯველაძე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება იქნება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სამომავლო რეფორმების ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად ფარმაცევტული სფერო დაასახელა და აღნიშნა,  რომ ამ მიმართულებით რეგულირების მექანიზმების დახვეწა მოხდება.  ამასთანავე,  მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გაფართოვდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიკამენტების სია და ბენეფიციართა რაოდენობა.

„უწყვეტად გაგრძელდება მოსახლეობისთვის ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით უზარმაზარი პროგრამა აქვს ჩვენს სახელმწიფოს, სადაც პროგრამის ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად უფასო. ეს არის მნიშვნელოვანი სოციალური შეღავათი, რომელიც ზრდად პენსიასთან და სოციალურ დახმარებასთან ერთად, მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გაფართოვდება მედიკამენტების, მათ შორის ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ეფექტიანი მექანიზმები, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მედიკამენტების ჩამონათვალი და მოსარგებლეების ჯგუფები – არა მხოლოდ საპენსიო, არამედ უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფებიც მოიცვას და ამით შემცირდეს ქრონიკული დაავადებების გართულებებთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური წნეხი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება იქნება ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამასთანავე, ყველაფერი გაკეთდება მედიკამენტებზე პერიოდული დეფიციტების გაჩენის რისკების დასაზღვევად. ამ მიმართულებით, ვმუშაობთ სხვადასხვა ბერკეტების შექმნაზე, იმისთვის, რომ ეს დეფიციტები არცერთ შემთხვევაში არ იყოს მტკივნეული ჩვენი მოქალაქეებისათვის. ამის დასაზღვევად გაკეთდება უკლებლივ ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ასევე იხილეთ