Reuters: ტრამპმა უკრაინის საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი შეიძლება დანიშნოს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი შეიძლება დანიშნოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიტ კელოგი 2017-2021 წლებში ტრამპის პრეზიდენტობის დროს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იყო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში კიტ კელოგმა და ფრედ ფლეიცმა ტრამპს უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გეგმა წარუდგინეს.

შეთავაზებული გეგმის მიხედვით, თუკი კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ტრამპი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს. იმავდროულად, ტრამპი მოსკოვსაც წაუყენებს ულტიმატუმს, რომ თუკი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, მაშინ ვაშინგტონი უკრაინისადმი მხარდაჭერას გაზრდის.

ასევე იხილეთ