გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატების დათმობაზე: როგორც ვამბობდით, ასეც მოხდა – 61 განცხადების ნაცვლად ვნახეთ სულ რამდენიმე განაცხადი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო მანდატების დათმობის საკითხს ეხმაურება. იგი აღნიშნავს, რომ მანდატების დათმობის შესახებ ნაცვლად 61 განაცხადისა, პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე განცხადებაა შესული.
„ჩვენ როგორც ვამბობდით, ასეც მოხდა – 61 განცხადების ნაცვლად ვნახეთ სულ რამდენიმე განაცხადი. თუ მათ კალამი არ აქვთ, შეგვიძლია, ვათხოვოთ ან თუ ფურცლის ნაკლებობას განიცდიან, ან მეილი თუ არ იციან, როგორ გამოგზავნონ. არ არის 61 განაცხადი. არის რამდენიმე განაცხადი, რომელსაც ჩემი პირადი მოსაზრებით, რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილებთ იმიტომ, რომ ამ ხალხს არაფერი ესაქმება არა თუ პარლამენტში, არამედ საერთოდ ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მე-11 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის შესვლის საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში ისაუბრა. მისი განცხადებით, იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი.