ნანა კაკაბაძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე: ქვეყანა თავს იცავს შანტაჟისაგან

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

„ქვეყანა თავს იცავს შანტაჟისაგან.

მამუკა ხაზარაძე ოპოზიციას სთავაზობს, ალტერნატიული ცენტრი შევქმნათ, რომელიც ხალხის მიერ არჩეული 4 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ინსტიტუციას დააფუძნებს, ხელისუფლების მიერ შექმნილი „უკანონო პარლამენტის“ ალტერნატიული ფორმალიზებული ორგანო გახდებაო. კი ხვდება ამ წინადადების სისულელეს და იქვე უხსნის თანამზრახველებს, ამ ორგანოს ალტერნატიული პარლამენტის ფუნქცია არ ექნება, რადგან კანონებს ვერ მივიღებთო, მაგრამ აბა, ჩვენთვის მოცემულ ხმებს და მხარდაჭერას ჰაერში ხომ არ გავფანტავთ, რაღაც ფორმალიზებული სახე ხომ უნდა მივცეთო?

მოკლედ, მარტო ჩვენ აგვირჩია ხალხმა, ხელისუფლება კი თვითმარქვიააო, მერე რა, რომ ჩვენზე მეტი ხმები მიიღეს, ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპელობა სწორედ ისე გვესმის, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში, რადგან ხელისუფლებაში მოსასვლელად ხმები არ გყოფნის, 49%-იანი მხარდაჭერაც რომ მიიღო, ოპოზიციის ნიშა არ უნდა დაიკავო (სათაკილოა!), საბოტაჟი გამოუცხადო პარლამენტს და ალტერნატიული სტრუქტურები შექმნა. ამის მიზეზად კი „გაყალბდა… გაყალბდა“ იძახო. მერე რა, რომ თვითონ ოპოზიციის ეგზიტპოლითაც ხაზარაძემ და გახარიამ იმდენივე ხმა აიღეს, რაც ცესკომ გამოუცხადა.

აი, ასეთი „პროევროპული“ ოპოზიცია გვყავს საქართველოში. ამტკიცებენ, მხოლოდ 61 დეპუტატი ვართ არჩეული, ხოლო 89 დეპუტატი ქართველ ამომრჩევლებს არ აურჩევიათო. ის, რომ „მასობრივი გაყალბების“ ვერავითარი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს, მათთვის არაფერს ნიშნავს, უსირცხვილოდ ამტკიცებენ, 89 ადგილი მთლიანმა ოპოზიციამ მიიღო, ხოლო 61 – ხელისუფლებამო.

ასეთი არალოგიკურობა მხოლოდ ჩვენი ოპოზიციონერების დაბალ პოლიტიკურ სიმწიფეზე, არა პრო დასავლურობაზეც და გონებაშეზღუდულობაზეც კი მეტყველებს და იმაზე მიუთითებს, რომ არ იცნობენ და არ იზიარებენ ამ მიმართულებით დასავლურ წესებს, წაგების აღიარებას და ერთი და იმავეს გაიძახიან. ამ სიგიჟეს ევროპულ სტრუქტურებში მოკალათებული მათივე მფარველები უმაგრებენ ზურგს, რომლებიც სარგებლობენ საქართველოს საკითხებში უმრავლესი დეპუტატების გაუთვითცნობიერებლობით და საქართველოს მიმართ დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ რეზოლუციებზე აწერინებენ ხელს.

ქვეყნის შიდა აგენტურაზე დაყრდნობით შინა არეულობის, ქაოსისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობების პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გარე და შიდა მტრებისათვის ხელიდან გაეგდებინათ შანტაჟის იარაღი ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკების დაწყების სახით და თვითონ შეაჩერა ამ მოლაპარაკების დაწყება 2028 წლამდე. ეს არ ნიშნავს ევროპაზე და ევროპულ ღირებულებებზე უარის თქმას, ეს ნიშნავს შანტაჟისაგან და ქვეყნის მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან თავის დასაცავად გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯს და ბრძოლას ფსევდო ლიბერალიზმის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ორხელისუფლებიანობის დამკვიდრებისათვის მებრძოლი უცხოური აგენტურა გააძლიერებს თავის მოქმედებას, მაგრამ ქართული საზოგადოება მათ ისეთივე დამაჯერებელ პასუხს გასცემს, როგორც ეს გააკეთა 26 ოქტომბერს“, – წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ