შალვა პაპუაშვილი: ცოტა ხანში მოიხსნება ისტერიული ფონი, რასაც ზურაბიშვილი ცდილობს პრეზიდენტის რეზიდენციიდან
„ჩვენ ეს ისტერია უკვე ვნახეთ”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, გადის თუ არა კიდევ ერთხელ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რას უპასუხებს მმართველი გუნდი პრეზიდენტის ნაბიჯებს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საზოგადოება საბოლოო ჯამში ყველაფერს კარგად ხედავს.
„ეს კინო ხომ ბევრჯერ გვაქვს ნანახი? დაწყებული რუსეთისთვის სანქციების დაწესება-არ დაწესება, ჩელიაბინსკი-არა ჩელიაბინსკი, კანდიდატის სტატუსი, სააკაშვილის საკითხი და ასე შემდეგ, ყველა ამ საკითხზე ცდილობენ ამგვარ ისტერიას, მაგრამ საზოგადოება ბრძენია და საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. ეს არჩევნები ჩატარდა, საზოგადოებამ თავისი აზრი დააფიქსირა და სრულად დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ამ საკითხთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე საკითხებზე ვსაუბრობდით აქამდეც, რასთან დაკავშირებითაც დღეს განცხადება გვქონდა. ჩვენ ცოტა ხანში გვექნება პრეზიდენტის არჩევნები და სულ ცოტა ხანში მოიხსნება ეს ისტერიული ფონი, რასაც ახლა ქალბატონი სალომე ცდილობს პრეზიდენტის რეზიდენციიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.