ალექსანდრე დარახველიძე: ეს არ იყო აქცია, რომელიც მშვიდობიანად მიმდინარეობდა. იყო საკმაოდ აგრესიული თავდასხმები

„გუშინ არ იყო აქცია, რომელიც მშვიდობიანად მიმდინარეობდა, რუსთაველის გამზირზე იყო ძალადობრივი ქმედებები, რაზეც პოლიციას უწევდა რეაგირება”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე საუბრისას.

„მინდა, აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთული ღამე იყო და მთელი ღამის განმავლობაში პოლიციას მოუწია რეაგირება. თქვენ ნახეთ, რომ ეს არ იყო აქცია, რომელიც მშვიდობიანად მიმდინარეობდა. იყო საკმაოდ აგრესიული თავდასხმები, მათ შორის ქვების სროლა, სხვადასხვა ნივთის. ასევე საზოგადოებამ კარგად ნახა რუსეთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო საკუთრებიდან ხდებოდა გარკვეული ნივთების გამოტანა, ბარიკადების მოწყობა, ცეცხლის დანთება, შემდგომ პიროტექნიკის სროლა. შესაბამისად, აქ იყო ძალადობრივი მოქმედებები, რაზეც პოლიციას უწევდა რეაგირება. პოლიციას ძალადობრივ ქმედებებზე უწევდა პოლიციის შესახებ კანონის და იმ იძულებითი ღონისძიების გამოყენება, რაც კანონით არის განსაზღვრული“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მისივე თქმით, შსს არ არის უფლებამოსილი, თანამშრომლის ჩადენილი ქმედება გამოიძიოს.

„განსაკუთრებით ჟურნალისტებთან მიმართებით ჩადენილ დანაშაულებზე პირდაპირ არის კანონით განსაზღვრული, თუნდაც მოქალაქე იყოს ამ დანაშაულის ჩამდენი, არც მსგავსი ტიპის დანაშაულს არ იძიებს შსს, ეს არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენცია. მე როგორც ვიცი, მათ გაავრცელეს ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა მე რომ სხვა უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სტატისტიკაზე, დეტალურ ინფორმაციაზე გესაუბროთ, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ასევე იხილეთ