ალექსანდრე დარახველიძე: საერთაშორისო სტანდარტი და მოთხოვნაა, რომ აქციის გაშუქებისას მასმედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, აქციების გაშუქებისას რეკომენდებულია, რომ მედიის წარმომადგენლებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თან ჰქონდეთ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნები.

აღნიშნული კომენტარი ალექსანდრე დარახველიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ როგორც აქციის თითოეული მონაწილის, ასევე, ადგილზე გაშუქების მიზნით მყოფი ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს დაცული, თუმცა, როცა აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს და ხდება ძალადობრივი მოქმედებები, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში იზრდება რისკები სხვადასხვა პირების დაშავებისა, მათ შორის ჟურნალისტების. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი რაც მოხდა, რამდენიმე ჟურნალისტია დაშავებული, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პოლიციელებიც არიან დაშავებულები, აქციის მონაწილეებიც. ძალადობრივი ხასიათის აქცია, არის ძალიან მაღალი საფრთხის შემცველი, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. რაც შეეხება რეკომენდაციას ასეთ დროს, საერთაშორისო სტანდარტი და მოთხოვნა არის ის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს გაშუქების მიზნით მყოფი მასმედიის წარმომადგენლის უსაფრთხოება, მათ ჰქონდეთ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნები, იმისათვის, რომ დროულად მოხდეს რეაგირება ნებისმიერი თავდასხმაზე, რომელიც შესაძლოა მომდინარეობდეს მათ შორის აქციის მონაწილეების მხრიდანაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვგულისხმობ, ზოგადად რეკომენდაციას ვგულისხმობ, ასე რომ ვფიქრობ, ამ კუთხით მუშაობა გასაგრძელებელია“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ასევე იხილეთ