რამაზ სვანაძე: ფეხბურთის ფედერაციის გეგმის განხორციელებით შედეგები უკვე გამოჩნდა
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევრო 2025-ზე გასვლის შესახებ ისაუბრა, ხორვატიასთან პლეი ოფის მატჩი გაიხსენა და გუნდის ზრდას გაუსვა ხაზი.
„ბიჭებზე წნეხი იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ორივე მატჩი ჩვენი სცენარით მიდიოდა, ორ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით. ამიტომ, ძალიან დასანანი იყო მესამე გაშვებული გოლი, რომელიც ბოლო წამებზე გაგვიტანეს, ის ლოგიკიდან იყო ამოვარდნილი.
ხორვატიაში პლეი ოფის საპასუხო შეხვედრასაც ვაგებდით და შემდეგ პენალტების სერიაშიც ჩამოვრჩით, მაგრამ გუნდი მზად იყო მენტალურად და საბოლოოდ, შრომა დაგვიფასდა.
მინდა, საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. ევრო 2023-ზე ჩვენ მასპინძლის სტატუსით ვითამაშეთ. სულ სხვაა, როდესაც შენი შრომით ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ხვდები. ეს სტაბილურობა უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველო ახალგაზრდული ფეხბურთის ელიტის წევრია.
ბოლო 2-3 წელია, ვხედავთ, რომ ყველასთან თანაბრად ვთამაშობთ, წარმატებებს ვაღწევთ და უკვე არ არსებობს გუნდი, რომელიც გამოვა და ჩვენთან ქულებს მარტივად მოიპოვებს. ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ჩვენც და სანაკრებო ფეხბურთი უფრო გაძლიერდება.
რამდენიმე წელია, ფეხბურთის ფედერაციაში არსებობს გეგმა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ ნაკრებს ეხება და ჩვენი თითოეული შეკრება და ვარჯიში კონკრეტულ პროგრამაზეა დამყარებული. შედეგებიც უკვე წამოვიდა, გეგმა კი გაგრძელდება და ეს მაიმედებს, რომ სანაკრებო ფეხბურთი უფრო წარმატებული იქნება.
ვიმედოვნებ, ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენი გუნდი უფრო გაზრდილი იქნება, როგორც გუნდურად, ისე – ინდივიდუალურად“, – განაცხადა სვანაძემ.