გიორგი ვოლსკი: ინერცია იმისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, დღემდე მოდის
„გვეუბნებიან, რომ თქვენ ევროკავშირთან გაქვთ აცდენები, ბევრ საკითხში გაქვთ წინსვლა – ამას აღიარებენ, ოქტომბერშიც აღიარეს, მაგრამ აცდენა გაქვთ საგარეო კურსთან დაკავშირებით”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
იგი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას უსამართლო განცხადება უწოდა.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს არის უსამართლო განცხადება. მთავარი შეკითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას, არის, რატომ აკეთებს ასეთ განცხადებას და საერთოდ, რა პოზიცია აქვს ამ თემას დაკავშირებით ევროკავშირს? რა უნდათ ჩვენგან, ამ ურთულეს მდგომარეობაში მყოფი პატარა ქვეყნისგან, რომელიც თავს იცავს და ცდილობს, რომ სამშვიდობოს გავიდეს.
მთავარი არის რუსული თემა, რომელსაც თქვენც კარგად ხედავთ, რომელიც საპროტესტო მიტინგებზე მთავარ ფორმულად არის წამოწეული. თითქოს, ჩვენ რუსეთისკენ მივექანებით, თუმცა ვერავინ თქვა, რას ნიშნავს რუსეთისკენ გაქანება, ან რუსეთის მიმართულებით მსვლელობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, მთავარი შეკითხვაა, რატომ არის უსამართლო დამოკიდებულება მათ მიმართ.
„ინერცია იმისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ამ პოლიტიკის ინერცია დღემდე მოდის. რა საკვირველია, ამას სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც შეასრულებს ყველა მითითებას, თუ ეს მითითება იქნება დღის წესრიგში დაყენებული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ასეთი ხელისუფლება, ის არ დათმობს არც თავის თვითმყოფადობას და არც უსაფრთხოებას.
გვეუბნებიან, რომ თქვენ ევროკავშირთან გაქვთ აცდენები, ბევრ საკითხში გაქვთ წინსვლა – ამას აღიარებენ, ოქტომბერშიც აღიარეს, მაგრამ აცდენა გაქვთ საგარეო კურსთან დაკავშირებით. მოვიკითხეთ, აბა, რას ნიშნავს საგარეო კურსში აცდენა. საგარეო კურსში აცდენა ნიშნავს, პირველი იმას, რომ ეკონომიკური სანქციები არ გვაქვს რუსეთის მიმართ დაწესებული და იმ სამხედრო დაპირისპირებაში, ნებისმიერი ფორმით – გინდაც, ტყვია-წამლის გაგზავნით, გინდაც, სამხედრო დანიშნულების სხვა ქმედებებით, სამხედრო დახმარებას არ ვუწევთ უკრაინას. ამ ორ თემაში აცდენა გვაქვს. ამას ვაღიარებთ კიდევაც, რადგან ერთიცა და მეორე შემთხვევაც ჩვენ სრულ დანგრევამდე – ფიზიკურ და ეკონომიკურ განადგურებამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.