ნანა კაკაბაძე: ჩვენს თვალწინ გაცოცხლდნენ ერთი საუკუნის წინ შავ ლაბადებში ჩაცმული მაუზერიანი ბოლშევიკები – დღეს „ევროპელი“ მოძალადეები ისევ ითხოვენ ხალხის „სწორ გზაზე“ დაყენებას ბულინგისა და მუქარების საშუალებით
„დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს კარგად აქვთ გააზრებული, თუ რას ემსახურებიან და საით უნდათ ქვეყნის გადაჩეხვა. მათი გეგმების მიხედვით, დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში შემკვეთების სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად რეგიონში საქართველო უნდა იყოს „ცეცხლოვანი რკალის“ პლაცდარმი“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ახალგაზრდების უმეტესობას, ორგანიზატორებისგან განსხვავებით, არ ესმის, რა საფრთხის წინაშეა ქვეყანა, ვინაიდან, მათ ცნობიერებაში წარმატებით ჩაინერგა, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება პატრიოტულ საქმედ მიაჩნდეთ.
კაკაბაძე აღნიშნავს, რომ რევოლუციის მოწყობის სახელმძღვანელოებში გაწერილი ყველა მეთოდი ამუშავებულია და ყურადღებას ამახვილებს რადიკალების მხრიდან მედიაზე სრული კონტროლის დამყარების მიზანზე. მისი თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რეალურად რას ნიშნავს თანამედროვე ბოლშევიკებისთვის „სიტყვის თავისუფლება“, როდესაც პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდასხმას უყურებდა.
„ტელემედია და თავისუფალი სიტყვა
დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს კარგად აქვთ გააზრებული, თუ რას ემსახურებიან და საით უნდათ ქვეყნის გადაჩეხვა. მათი გეგმების მიხედვით, დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში შემკვეთების სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად რეგიონში საქართველო უნდა იყოს „ცეცხლოვანი რკალის“ პლაცდარმი. აქციების ორგანიზატორებისა და კურატორებისგან განსხვავებით, ეს, სამწუხაროდ, არ ესმით საპროტესტოდ გამოსული ახალგაზრდების უმრავლესობას, რომლებიც გრძნობენ, რომ რევოლუციური სცენარის განხორციელება დაწყებულია და ისიც იციან, რომ ცნობილ სახელმძღვანელოებში მოცემული ყველა ხერხი და მეთოდი გამოყენების პროცესშია. სხვა საკითხია, როგორ მოხდა მათ ცნობიერებაში იმის ჩანერგვა, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება პატრიოტულ საქმედ მიაჩნდეთ, მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ.
საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელების სპეციფიკურობა იმაში გამოიხატება, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის კრახის მიზეზად „გააყალბეს… გააყალბეს…“ ძახილმა შედეგი ვერ გამოიღო, რადგან შინაური და გარეული მტრებისთვისაც კი სრულიად აშკარა იყო, არჩევნების არავითარ მასობრივ გაყალბებებს არ ჰქონია ადგილი, რომელიც „ოცნების“ გამარჯვების რეალობაში ვინმეს დააეჭვებდა. ეს ყველაზე კარგად თვითონ ოპოზიციის ამომრჩეველმა იცოდა და ამიტომაც ოპოზიციის პარტაქტივის გარდა თითქმის არავინ არ გამოსულა საპროტესტოდ.
ამის შემდეგ ამუშავდა სხვა სიცრუის პროპაგანდის და ტირაჟირების გზა, რამაც ტვინგამორეცხილ თავებში და და გამოსარეცხად მომზადებულ ტვინებში შედარებით წარმატებით შეაღწია, რადგან ამისათვის მომზადება წლებია გრძელდებოდა. კერძოდ, ასეთმა ტვინებმა შედარებით მარტივად დაიჯერეს, რომ „ოცნებას“ ქვეყანა რუსეთში მიჰყავს და ამიტომ ყველა პატრიოტის ვალია, ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. და ამუშავდა რევოლუციის მოწყობის სახელმძღვანელოებში გაწერილი ყველა მეთოდი.
აქ ჩვენ მხოლოდ ერთ მეთოდზე გავამახვილებთ ყურადღებას, რასაც მედიაზე სრული კონტროლის დამყარების მიზანი ჰქვია. ეს ხდება თავისუფალი სიტყვის დაცვისა და დემოკრატიის ლოზუნგებით შეფუთვის გზით. თუმცა, ჩვენ გუშინ ასეთი შეფუთვის გარეშე დავინახეთ, თუ რეალურად რას ნიშნავს თანამედროვე ბოლშევიკებისთვის „სიტყვის თავისუფლება“, როდესაც პირდაპირ ეთერში ვუყურებდით საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდასხმის ძალიან ტიპურ მაგალითს. ჩვენს თვალწინ გაცოცხლდნენ ერთი საუკუნის წინ შავ ლაბადებში ჩაცმული მაუზერიანი ბოლშევიკები, რომლებიც თავისუფლების სახელით მოითხოვდნენ ჟურნალისტებისგან, რომ მხოლოდ ის პოზიციები გაეხმაურებინათ, რაც მათ მიაჩნიათ სწორად, ამის არგამზიარებლები კი გადამდგარიყვნენ თანამდებობიდან, გადასულიყვნენ „ხალხის მხარეს“ და ა.შ.
ვიცით, რომ ბულინგი და ძალადობა მარტო ბოლშევიკი და ფაშისტი მოძალადეების საფირმო ნიშანი არ ყოფილა. ოდითგანვე სხვადასხვა რწმენას თუ სარწმუნოებას მთელ მსოფლიოში ძალადობით ავრცელებდნენ მოძალადეები, ბევრ ჩვენს წინაპარს სიცოცხლეც დაუთმიათ რწმენის დაცვისთვის. დღეს „ევროპელი“ მოძალადეები ისევ ითხოვენ ხალხის „სწორ გზაზე“ დაყენებას ბულინგისა და მუქარების საშუალებით. გუშინ საზმაუზე თავდამსხმელი ბევრი მოძალადე 2003 წელსაც ანალოგიურად ძალადობდა და „ვარდების რევოლუციის“ ავანგარდში იდგა, თუმცა ერთი წუთითაც არ უგრძნიათ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც „ვარდებით“ გაფორმებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ მოუტანა ქვეყანას. ღმერთმა დაიფაროს და, მათი ძალისხმევის შედეგად დღესაც რომ ხელისუფლება საქართველოს გამაუბედურებლებმა ჩაიგდონ ხელში, ისევ არანაირ პასუხისმგებლობას არ იგრძნობენ ამაზე. არადა, ნიშანდობლივია, რომ საზმაუს სახით, დღევანდელ ვითარებაში სწორედ ყველაზე დაბალანსებულ და მოვლენების ობიექტურად გამშუქებელ ტელევიზიას დაესხნენ თავს.
არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ დღეს საზმაუს გარდა თითქმის ვერც ერთი ტელევიზია ვერ დაიჩემებს ობიექტურობას და მიუკერძოებლობას (ამას შედარებით ცდილობს „პალიტრა“). რომ არაფერი ვთქვათ ოთხ ოპოზიციურ პარტიულ ტელევიზიაზე („ტვ პირველი“, „მთავარი“, „ფორმულა“ და „კავკასია“), ასევე მიკერძოებული და ხელისუფლების მხარდამჭერები არიან „პოსტვ“ და „იმედი“. მართალია, აშშ-შიც „სიენენი“ და „ფოქს ნიუსი“ დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მხარდამჭერ ტელევიზიებს წარმოადგენენ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის დღეს ტელებაზარზე შექმნილი მდგომარეობა მაინც არ არის ნორმალური ვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მათ მფლობელების და ხელმძღვანელების სარედაქციო პოლიტიკის კანონიერი უფლება გააჩნიათ.
ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ამ ტელევიზიების ასეთი მკვეთრად გამოხატული პოზიციებისა, თუ რეიტინგებს გადავხედავთ, მათ შორის ტელემაყურებლებში უპირობოდ ლიდერობს ტელეკომპანია „იმედი“. ვფიქრობთ, ეს გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით. 1. ჟურნალისტების მაღალი პროფესიონალიზმით. 2. პროგრამების მრავალფეროვნებით. 3. იმით, რომ ეს ტელეკომპანია პრაქტიკულად წარმოადგენს სიცრუითა და პროპაგანდით გაჟღენთილი ოპოზიციური პარტიული ტელევიზიების ალტერნატივას.
იმიტომაც იწვევს ის ყველაზე მეტ გაღიზიანებას ოპოზიციონერთა მხრიდან „იმედი“, რომ ის ოპოტელევიზიების ტყუილებით გაჟღენთილ პროპაგანდას პასუხობს აკადემიურად, სიმართლით, და თუ ასეთ დროს მისი სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულად გადახრილია სახელისუფლო პოზიციების გამყარების მიმართულებით, ამას ისინი აკეთებენ პროფესიონალურად, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვით და არა ოპოტელევიზიების მსგავსი ქაჯური და ბოლშევიკური მეთოდების გამოყენებით. რაც მთავარია, ამ ტელეკომპანიას გააჩნია პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და გუშინ საზმაუში მივარდნილი ყოფილი თუ მოქმედი ჟურნალისტების მსგავსად მათთვის სულ ერთი არ არის, თუ რა შედეგს მოიტანს სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მათ მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა.
რომ არ არსებობდეს სიცრუითა და პროპაგანდით გაჯერებული ოპოზიციური პარტიული ტელევიზიები, მე ვფიქრობ, რომ ტელეკომპანია „იმედშიც“ არ იარსებებდა ხელისუფლების მხარდამჭერი სარედაქციო პოლიტიკის საჭიროება, მაგრამ სანამ არსებობენ პარტიული ოპოტელევიზიები, მიმაჩნია, რომ მათი ბოლშევიკური პროპაგანდისთვის დასაპირისპირებლად აუცილებელია სწორედ „იმედის“ მსგავსი, აკადემიურობითა და მაღალპროფესიონალიზმით გამორჩეული, ხელისუფლების მხარდამჭერი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია“, – წერს ნანა კაკაბაძე.