გივი ჩხარტიშვილი: მინდა მოგმართოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, არ აჰყვეთ სიცრუის პროპაგანდას! სიმართლე ჩვენს მხარეს არის, ამას საზოგადოება კარგად აფასებს და ეს ყველაფერი 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა დაამტკიცა

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მსურს, გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა და ეს ყველაფერი წახალისებულია ევროკავშირის მხრიდან. ჩვენი მოღალატე აგენტების დამსახურებაა, რაც ხდება დღეს რუსთაველზე. მათი მიზანია, ჰქონდეთ რევოლუციური მცდელობები და შექმნან ეგრეთწოდებული მაიდანი. ამავდროულად, კარგად დატრენინგებული ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი ზურგს უმაგრებს ოთხ კრიმინალურ ოპოზიციურ პარტიას!

აქედან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენს თანამოქალაქეებს. ვიცი, რომ ჩვენ უფრო ბევრნი ვართ. არ აჰყვეთ სიცრუის პროპაგანდას! სიმართლე ჩვენს მხარეს არის, ამას საზოგადოება კარგად აფასებს და ეს ყველაფერი 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, როცა გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ხვდებიან, რომ სულს ღაფავენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში და გაატარონ ბინძური, ძალადობრივი და სისხლიანი პოლიტიკა. მიზნის მისაღწევად ადრე ქალების ზურგს უკან იყვნენ ამოფარებულები, ახლა ბავშვებიც გარიეს ამ პროცესში. მათთვის წითელი ხაზი არ არსებობს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად, მაგრამ სიფრთხილით. ამავდროულად, რადიკალების დიდი სურვილია, რომ აღნიშნულ პროცესებს მოჰყვეს მსხვერპლი ან დაზიანდეს ვინმე, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არავის სურს, რაც ლაჩრებისგან გასაკვირი არც არის. მალე გაუქმდებით და შეეგუეთ მაგ ბედს! როგორც გერმანიაში გააუქმეს ოპოზიციური პარტია და სხვა ევროპულ ქვეყნებში, ეგ ბედი გელით და ეგ პროცესებიც მიმდინარეობს!

მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ნათლად რომ დაანახა 1 120 000-ზე მეტ ადამიანს, თუ რამდენი აგენტი და ქვეყნის გამყიდველი ჰყოლია ჩვენს ქვეყანას! მე მჯერა და მწამს, რომ ერთიანი საქართველო გახდება ევროკავშირის ღირსეული წევრი! გაუმარჯოს ყველაფერ ქართულს და საქართველოს!“, – წერს გივი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ