მამუკა მდინარაძე სამართალდამცავებზე სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ: რასაც კადრულობს, ეს არის ამაზრზენი
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილი სამართალდამცავების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე პოლიციის ნაწილი ნარკოტიკული ზემოქმედების თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ მისი ეს განცხადება ამაზრზენობაზე მეტყველებს.
„ეს მეტყველებს ამაზრზენობაზე. ჩვენთვის მეტად მტკივნეულია ხოლმე, ჩვენი მხარდაჭერილი ადამიანი რომ ამას კადრულობს. სააკაშვილი რას იკადრებს, ეს გაცვეთილია და ის მკადრებელია იმიტომ, რომ ჯაშუში რომ ხარ, უნდა იკადრო. ჯაშუშის საქმიანობა არის კადრება, მაგრამ შენი გუნდიდან, შენი მხარდაჭერიდან რომ გავიდა, საპარლამენტო წიაღიდან რომ წავიდა, მხარი რომ დავუჭირეთ, პრაქტიკულად, ჩვენი გუნდის წევრად რომ მივიჩნიეთ, ამ დონის მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, გავარდა და იმას კადრულობს, რასაც კადრულობს, ეს არის ამაზრზენი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.