ირაკლი კობახიძე: პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა დებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა – ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა

„პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა დებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა, ყველა მათ შემოთავაზებას დავთანხმდით, დავთანხმდით ფორმატს ორი ორზე, დავთანხმდით ასევე დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში, მაგრამ როცა არაფერი დარჩათ, მაშინაც თქვეს უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინასწარ ჰქონდათ განზრახული არმოსვლა ამ საჯარო დისკუსიაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერანციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა.

„დღეს დაგეგმილი იყო დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. საჯარო დისკუსია, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, როგორც პაპუნა ჯანელიძემ, ასევე თინა ხიდაშელმა უარი თქვეს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობაზე. ეს ორი ადამიანი გახლავთ საშუალო არითმეტიკული ნაციონალი, შესაბამისად, მათთან ჩვენი დისკუსია საზოგადოებას მისცემდა განზოგადების საშუალებას და სიმართლის დადგენის შესაძლებლობას.

მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს ერთადერთ რამეს – სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მათ ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის, სწორედ ამის გამო. რადიკალური ოპოზიცია მთლიანად, ზუსტად იცის, რომ რეალურად არაფერი აქვთ სათქმელი არაფერთან დაკავშირებით, მათ შორის არც ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

თქვენ ხედავდით, რომ ამ ორ ადამიანზე იყო ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი, თუმცა, მე მგონია, რომ ეს ბულინგიც იყო აშკარად დალაგებული. ისინიც, აშკარად თავს იკავებდნენ საჯარო დისკუსიისგან. მათ რეალურად დისკუსიაზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა. ჯერ უარი თქვეს ჩვენს მიერ შეთავაზებულ ფორმატზე, ჩვენ შევთავაზეთ 12 კაცამდე ფორმატში დისკუსიის გამართვა, შემდეგ მათ უარი თქვეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოსვლაზე, მუდმივად ეძებდნენ საბაბს იმისათვის, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ დისკუსიაში. ბოლოს არაფერი დავუტოვეთ, ყველა მათ შემოთავაზებას დავთანხმდით, დავთანხმდით ფორმატს ორი ორზე, დავთანხმდით ასევე დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში, მაგრამ როცა არაფერი დარჩათ, მაშინაც თქვეს უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინასწარ ჰქონდათ განზრახული არმოსვლა ამ საჯარო დისკუსიაზე. ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ