ვლადიმერ ბოჟაძე: მინდა, ვთხოვო ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს გარკვეული პოლიტიკური თუ პარტიული ინტერესები, საკუთარი ხედვები შეინახონ სახლში და არ მოხდეს სკოლაში, გაკვეთილებზე პოლიტიკური და პარტიული ინტერესების გადატანა
“მინდა, ვთხოვო ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს გარკვეული პოლიტიკური თუ პარტიული ინტერესები, საკუთარი ხედვები შეინახონ სახლში და სკოლაში, გაკვეთილებზე არ მოხდეს პოლიტიკური და პარტიული ინტერესების გადატანა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საპროტესტო აქციებში სკოლის მოსწავლეების ჩართვის ფაქტების შეფასებისას.
“ეს არის სამარცხვინო რამ, რომ ბავშვები და სტუდენტები აიფარონ პოლიტიკოსებმა და თვითონ საკუთარ კაბინეტებში იყვნენ დამალულები და იქიდან მართავდნენ პროცესებს. ათი წლის ბავშვის მიერ პოლიციელებისთვის მოლოტოვის კოქტეილის და ქვების სროლა ერთადერთ რამეს ემსახურებოდა, რომ დაშავებულიყო ბავშვი, სტუდენტი იმისათვის, რომ საზოგადოებას კიდევ უფრო მძაფრი რეაგირება ჰქონოდა ამაზე.
სკოლის ასაკის ბავშვები, კლასელები, მეგობრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მშობლების პოლიტიკური გემოვნების გამო, ეს არის სრულიად დაუშვებელი. მინდა, ვთხოვო ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს გარკვეული პოლიტიკური თუ პარტიული ინტერესები, ერთ მხარეს იქნება, თუ მეორე მხარეს, საკუთარი ხედვები შეინახონ სახლში და სკოლაში, გაკვეთილებზე არ მოხდეს პოლიტიკური და პარტიული ინტერესების გადატანა”, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.