ქუთაისში, აქციის დროს პოლიციასთან შელაპარაკების დროს შეუძლოდ გამხდარი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკას დატოვებს
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, გიორგი ხუციშვილმა „იმედის კვირაში“, სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა, რომ ქუთაისში, აქციის დროს პოლიციასთან შელაპარაკების დროს შეუძლოდ გამხდარი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკას დატოვებს.
„112-ის ბრიგადამ შემოიყვანა 16 წლის ახალგაზრდა, შემოსვლისას იყო კონტაქტური, ადეკვატური. გაისინჯა მიმღების ექიმისა და ნეიროქირურგის მიერ. თავის ტვინის შერყევა არ ფიქსირდება, სხვა რაიმე დაზიანება და ძალადობის კვალი პაციენტს არ ეტყობა.
გაუკეთა თავის ტვინის ტომოგრაფია, თავის ტვინში სიმშვიდეა, დაზიანება არ ვლინდება. ამჟამად იმყოფება მიმღებ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ. სავარაუდოდ კლინიკიდან გაეწერება სტაბილურ მდგომარეობაში“, – აღნიშნა გიორგი ხუციშვილმა.