ზვიად შალამბერიძე: ჩემი დასანქცირება ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო
„ჩემი დასანქცირება ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო, მთელი დღე ფაქტობრივად ვცდილობდით, რომ გაგვერკვია თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ამ სიის შედგენა, ან ეს ადამიანები როგორ მოხვდნენ მასში ჩემი ჩათვლით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის პოლიტიკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ერთადერთი დასკვნა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტისგან ჩვენ გვესმოდა ისეთი განცხადებები, ნაბიჯები და მოქმედებები, რომლებიც გარკვეულწილად იყო ნაკარნახევი, გარკვეული ძალების მიერ საქართველოდან ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ესეც არის ერთ-ერთი გამოძახილი, რომელიც უკვე დღის ბოლოს აღიარეს, რომ თურმე ისინი აძლევენ მათ სიას, რის შესაბამისადაც მოხდა დასანქცირება ამ ადამიანების.
ჩვენ ლოგიკურად რომ გავყვეთ, სულ რამდენიმე დღეა, რაც პარლამენტში დეპუტატი ვარ, მაგრამ ამ პერიოდში არ მოიაზრება ის, რომ ამის გამო მოხდა დასანქცირება, ესე იგი უნდა გავიხსენოთ ბოლო ხუთი წელი, როდესაც მე ვიყავი გუბერნატორი. როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო, პირველივე დღიდან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, მათ შორის იყო იმერეთიც.
მარტის დასაწყისშივე 40 ტონამდე ტვირთი შევაგროვეთ და გავაგზავნეთ.ასევე უკრაინიდან ჩამოსულ დაახლოებით 200-მდე ოჯახს ჩვენ გავუწიეთ დახმარება. მეორედ კიდევ გავაკეთეთ დახმარება და ამჯერად დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდე მოვაგროვეთ იმერეთში, რითაც მედიკამენტები, სისხლის გადასხმის აპარატურა და სხვადასხვა საჭიროებები გავიგზავნეთ, რასაც თავად გვეუბნებოდნენ.
იმ პერიოდში ყველა ქვეყნის მიმართ ზელენსკის მხრიდან მადლიერება იხატებოდა და მხოლოდ საქართველოს არ ახსენებდნენ არასდროს. ჩვენ ისევ გავაგრძელეთ მათი დახმარება, თუმცა ეს ყველაფერი მადლობისთვის არ გაგვიკეთებია რა თქმა უნდა. ეს იყო ქართველი ხალხის დახმარება უკრაინელი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.