გიორგი სოსიაშვილი: ძალიან ბევრ მავნე ძალას წაუმტვრევია ჩვენს ქვეყანაში კისერი
„ეს პროცესი კარგა ხანია მზადდებოდა იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან იდგენენ რადიკალები. ეს მეოთხე მცდელობა გახლდათ მათი, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება და ამ ყველაფერ ფუთავდნენ, როგორც ჯანსაღ პროტესტს. სინამდვილეში სერიოზული სამზადისი ხდებოდა ამ ყველაფერზე”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჩვენ ვართ ლიბერალური ფაშიზმის დამსხვრევის და დასრულების მომსწრენი ჩვენს ქვეყანაში ახლა. ძალიან ბევრ მავნე ძალას წაუმტვრევია ჩვენს ქვეყანაში კისერი. გამონაკლისია არც ეს ძალა არ არის, რომელმაც გრიგალივით გადაუარა მთელს მსოფლიოს და ვხედავთ როგორი შედეგები ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნებში, როგორი იდეოლოგია წამოვიდა, რომელიც ორიენტირებული იყო ამ ქაოსზე, სიძულვილის თესვაზე, რადიკალიზაციაზე, ადამიანების გახლეჩაზე და პოლარიზაციაზე.
გარდა ამისა ამას თან ერთოდა ამ აგენტურის მუდმივი კვება, რომელიც არსებობდა ჩვენს ქვეყანაში და ამიტომაც ატყდა მთელი ვაი-უშველებელი „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების დროს, რომ ამ აგენტურას მოსვენება დაეკარგა, რადგან ზოგიერთი ენეჯეოები, რომლებიც იფუთებოდნენ სხვადასხვა აქტივობებით ასე ხელებს ვეღარ გაშლიდნენ თამამად. გარდა ამისა საუბარია იმ გარყვნილების პროპაგანდაზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელსაც ჩვენმა მმართველმა გუნდა გზა გადაუღობა.
ამ იდეოლოგიის გავრცელება ძალიან ბევრ ქვეყანაში მოხდა სამწუხაროდ. ჩვენს ქვეყანას სრულიად სხვა მისია აკისრია. ძალიან ბევრმა ქვეყანამ ვერ ამოიღო ხმა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანაში სრულდება ეს პროცესი და როგორც გითხარით ბოლო ეპიზოდებს ვხედავთ, რომელიც მათ დაგეგმეს განახორციელეს, სურვილი ჰქონდათ, რომ თბილისი უბედურების ქალაქად გადაექციათ, თუმცა მოვლენები ვითარდება ისე, რომ ჩვენი ხალხი ძალიან ბრძენია და ხედავს, თუ რასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.