„პრაქტიკულად არ არსებობს საქმე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ მოუგო ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში, ამის გაგრძელება იყო კეზერაშვილის საქმეც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტრასბურგმა დაადასტურა ქართული მართლმსაჯულების ყველა გადაწყვეტილება, რაც არის იმის უტყუარი დასტური, რომ საქართველოში ჯანსაღი სასამართლო სისტემაა.
„მათ დაახლოებით 15-ჯერ თუ 20-ჯერ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ეს იყო მაგალითად „რუსთავი2“-ის საქმე, ეს იყო კონკრეტული პოლიტიკოსების სისხლის სამართლის დევნის საქმე და ა.შ. ამის გაგრძელება იყო კეზერაშვილის საქმეც. ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ ყველა სარჩელზე სტრასბურგმა გაამართლა ქართული სახელმწიფო და ქართული სასამართლო სისტემა. რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის გახსოვთ, რამხელა კამპანია იყო აგორებული სასამართლოს დისკრედიტაციისთვის. საბოლოო ჯამში სტრასბურგმა დაადასტურა ქართული მართლმსაჯულების ყველა გადაწყვეტილება, რაც არის იმის უტყუარი დასტური, რომ ჩვენ გვაქვს ჯანსაღი სასამართლო სისტემა ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი დანარჩენი იყო პოლიტიკური სპეკულაციები, რაშიც სამწუხაროდ, ასევე უცხოური ფული იყო პირდაპირ ჩართული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი, მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ბიზნესის რეკეტით, შემდეგ გადავიდა ჯარის ძარცვაზე.
„თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ კეზერაშვილი უცბად გახდა მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიის ხელმძღვანელი და ახლა ის აგრძელებს ევროკავშირის ქვეყნებში პენსიონერების ძარცვას და მას აქვს თან თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირის მასშტაბით. ამაზე საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. ასეთი ფაქტები ძალიან მძიმედ აკნინებს ევროკავშირის მიმართ ნდობას ჩვენს ქვეყანაში. გასაკვირი არ არის, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თავად ევროკავშირისვე კვლევის თანახმად, 6 პროცენტით არის შემცირებული ქართულ საზოგადოებაში ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობა. როცა მფარველობენ კეზერაშვილს, როცა გვესმის ასეთი უსამართლო განცხადებები, მუდმივი შანტაჟი, როცა ქართველ ხალხს არ უხსნიან მოლაპარაკებებს, მანამდე არ ანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება საქართველოში ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციაზე. ამიტომ ჩვენი ბრძოლა ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩვენი ბრძოლით, შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართულ საზოგადოებაში ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.