მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს კურსი არის ევროკავშირისკენ, რაც სურს საქართველოს და რასაც ემსახურება საქართველოს ხელისუფლება

„ეუთოს პლატფორმა გამოვიყენეთ, რათა ჩვენი პარტნიორებისთვის კიდევ ერთხელ განგვემარტა, რომ საქართველოს კურსი არის ევროკავშირისკენ, რაც სურს საქართველოს და რასაც ემსახურება საქართველოს ხელისუფლება”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, ეუთოს პლატფორმის საშუალებით, კიდევ ერთხელ თანამეგობრობასა და ეუთოს წევრებს გააცნეს ის პრიორიტეტები, რაც საქართველოს აქვს.

„ეუთო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციას აქვს მთელი რიგი გამოწვევები. ჩვენთვის ის რჩება ძალიან მნიშვნელოვან ფორმატად, სადაც შეიძლება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაჟღერება, აქცენტების გაკეთება და პარტნიორებთან კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პლატფორმა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი თანამეგობრობისთვის, ეუთოს წევრებისთვის გაგვეცნო ის პრიორიტეტები და გამოწვევები, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას. ასევე, გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გვქონოდა შესაძლებლობა ორმხრივად გავსაუბრებოდით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ასევე, გაგვეცა პასუხი კითხვებზე საქართველოსთან დაკავშირებული, თუ ასეთი არსებობდა. ჩემი მთავარი გზავნილი ეხებოდა ჩვენი ქვეყნის რუსეთის მხრიდან ოკუპაციას. რა თქმა უნდა, ეუთო რჩება ჩვენთვის მნიშვნელოვან პლატფორმად, სადაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ის ყველაზე რელევანტური პლატფორმაა ოკუპაციასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე სასაუბროდ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეუთოში ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოში ამჟამად მიმდინარე მოვლენებიც იყო.

„რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. რამხელა მანიპულაციებისა და სპეკულაციების მსხვერპლია ქვეყანა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ევროპულ კურსს, მომავალს. ეს პლატფორმა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის კიდევ ერთხელ განგვემარტა, რომ საქართველოს კურსი ევროკავშირისკენ არის ის, რაც სურს საქართველოს, რასაც ემსახურება ჩვენი ხელისუფლება. სწორედ ამ ხელისუფლების შექმნილია ის უმნიშვნელოვანესი საფუძველი, რაც უდევს ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციას. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე გაკეთდა აქცენტები, თუ როგორ წარმოგვიდგენია ევროკავშირში შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. ის პროცესი, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია, უნდა იყოს შესაძლებლობა რეალური ინტეგრაციისთვის და არა შანტაჟისა და მანიპულაციებისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ