ზურაბ ქადაგიძე: ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას სხვისი შვილების მსხვერპლის ხარჯზე სურს რევოლუციის მოწყობა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას სხვისი შვილების ხარჯზე საკუთარი ბედნიერების შექმნაში ადანაშაულებს.
მედიასთან საუბარში ქადაგიძე სვამს კითხვას, სად არიან სალომე ზურაბიშვილის, ნიკა გვარამიას და ოპოზიციის წევრთა სრულწლოვანი შვილები და რატომ არ იღებენ მონაწილეობას აქციებში.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას სხვისი შვილების მსხვერპლის ხარჯზე სურს რევოლუციის მოწყობა. რეალურად, ამ ადამიანების სურვილია, სხვის ხარჯზე მიაღწიონ შედეგს. სად არიან სალომე ზურაბიშვილის, ნიკა გვარამიას შვილები? რადიკალურ ოპოზიციაში უმეტესობას სრულწლოვანი შვილები ჰყავს და არცერთი მათგანი არ დგას რუსთაველის გამზირზე.
მიუხედავად ამისა, სკოლის მოსწავლეებს აქციებზე გამოსვლას და პოლიციის წინააღმდეგ შეტაკებაში მონაწილეობას სთხოვენ, რათა მათგან მიიღონ მსხვერპლი. სალომე ზურაბიშვილის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პარაზიტიზმსა და ჭყონიას პარაზიტიზმს შორის განსხვავება არ არსებობს.
ჭყონია საუბრობს 1+1 აქციაზე, ევროპაზე და ამ დროს რუსეთში ჰყიდის კოკა-კოლას. რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები, გინდ პოლიტიკოსები და გინდ ბიზნესმენები არიან პარაზიტები, რომლებიც სხვის ხარჯზე სულდგმულობენ და სხვისი შვილების უბედურების ხარჯზე სურთ საკუთარი ბედნიერება შექმნან,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.