გიორგი ვოლსკი: ჩვენი ინფორმაციით, ყველა თანხმდება იმ აზრზე, რომ რევოლუცია ვერ შედგა და რევოლუცია დაგეგმილი იყო, ამის ყველა ნიშანი არსებობდა
„სამწუხაროდ ბავშვები, ვინ ამ რკინის რგოლებს ესვრიან პოლიციელებს და პიროტექნიკას უშვერენ, ამას აკეთებენ მოკვლის მიზნით, დაშავების მიზნით, დაწვის მიზნით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ეს არის იარაღი, რომლითაც ცდილობდნენ ამ რევოლუციური პროცესების განვითარებას. ეს თემა ბოლოსკენ წავიდა მაშინ, როდესაც რაოდენობის კლებამ გამოიწვია აგრესია. სპეციალურად მომზადებული აგრესიული ჯგუფი მოქმედებდა იმ ინსტრუქციის მიხედვით , რომელიც დიდი ხნის წინა არის დაწერილი.
მე მაინც ვფიქრობ, რომ რესურსის მობილიზება ხდებოდა 16 დეკემბრისთვის. ელოდებიან, რომ ჩვენ კიდევ მივმართავთ ევროკავშირს და ზუსტად იგივე განმეორდება, რაც მოხდა კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. განზრახ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი მიუხედავად იმისა, რომ ყველა კანდიდატ და ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, ყველა მაჩვენებლით ვუსწრებდით.
ჩვენი ინფორმაციით, ყველა, მათ შორის უცხოელი ექსპერტებიც, თანხმდება იმ აზრზე, რომ რევოლუცია ვერ შედგა და რევოლუცია დაგეგმილი იყო, ამის ყველა ნიშანი არსებობდა. დღეს ფიქრობენ, რომ როგორმე ეს ვითარება შეცვალონ და კვლავ გააგრძელონ. ახლა უკვე ასპარეზზე გამოიყვანეს ადამიანები, ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები და რეჟისორები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სცენარის ნაწილია“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.