გიორგი ვოლსკი: სცენარი იყო სერიოზული, ეს არ იყო სპონტანური, თუნდაც პიროტექნიკის შესყიდვა
„გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ სცენარი იყო სერიოზული, ეს არ იყო სპონტანური, თუნდაც პიროტექნიკის შესყიდვა. გროვდებოდა მარაგები და რაც გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ რევოლუციური პროცესი ბოლომდე მიეყვანათ პარლამენტის შენობის აღებით, როგორც ეს 2003 წლის ნოემბერში მოხდა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ამას ზემოდან ემატება კიდევ ის სცენარი, რომელიც ჩვენს თვალწინ განვითარდა და ყველა თავისი ატრიბუტით, გარდა იმისა, რომ ვერ შეძლეს ადამიანების დახოცვა ერთ და მეორე მხარეს, განმეორდა ისეთივე, როგორიც იყო უკრაინული „მეიდანის“ ამ საშინელი დაპირისპირების დროს.
მომიტინგეებიდანაც დაიხოცნენ ადამიანები და პოლიციის მხრიდანაც და ამ შეჯახებამ მიიღო ბრუტალური სახე. მაშინ იანუკოვიჩი იყო, ისეთ პოლიტიკას აწარმოებდა, რომელიც შეიძლება შერაცხო პრორუსულად, ამ შემთხვევაში რაც საქართველოში ხდება ეს არის გამორიცხული და იმ რაოდენობის ადამიანებმა, რომლებიც მათი აზრით უნდა გამოსულიყვნენ ქუჩაში, რეალური სურათი დაინახეს და პასუხისმგებლობა იგრძნეს საკუთარი ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.