ალექსანდრე დარახველიძე: ყველა დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათ დიდ ნაწილს კი ქირურგიული ჩარევაც კი ესაჭიროებოდა
„აქციების მიმდინარეობისას, მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, თითქმის ყველა დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათ დიდ ნაწილს კი ქირურგიული ჩარევაც კი ესაჭიროებოდა”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ცოტა ბრიფინგზე განაცხადა.
„აქციის მოძალადე ჯგუფები მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ პიროტექნიკას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სხვადასხვა საგნით: მათ შორის რკინისა და ხის ხელკეტებით, კასტეტებით, ასევე თავდასხმების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ ე.წ. შურდულებს, რითაც დამიზნებით ისროდნენ რკინის საგნებსა და მიზანმიმართულად აზიანებდნენ როგორც საპოლიციო ტექნიკას, ასევე თავს ესხმოდნენ პოლიციელებს.
ამ ქმედებების შედეგად დაშავებულია 150-ზე მეტი პოლიციელი, რომლის შესახებაც სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიები, აქციის მონაწილეები და სამწუხაროდ ზოგიერთი მედია საშუალებები არ საუბრობენ და ვერც აღნიშნული ფაქტის დაგმობა ნახა საზოგადოებამ.
აქციების მიმდინარეობისას, მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, თითქმის ყველა დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათ დიდ ნაწილს კი ქირურგიული ჩარევაც კი ესაჭიროებოდა. პოლიციის თანამშრომლების უმეტესობას აქვს სხვადასხვა სახის დამწვრობა, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში.
მარტივი ანალიზიც კი ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნული ძალადობის წამახალისებელი და განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო დაუსჯელობის განცდა, რაც ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ პირებს სწორედ სახის დაფარვისა და იდენტიფიცირების შეუძლებლობა უჩენდათ. აღნიშნული ცალსახად შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ წინასწარ მომზადებას და სწავლებას, რომელიც აქციის მონაწილეებმა გაიარეს.
დასკვნის საფუძველს გვაძლევს ასევე წინა წლების პრაქტიკა, როდესაც მოძალადე ჯგუფების სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა ვერ მოხერხდა შენიღბული მოძალადე ჯგუფების ამოცნობის შეუძლებლობის გამო.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას რომ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა როგორც საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, ასევე შეკრება-მანიფესტაციების დროს მოძალადე ჯგუფების დროული იდენტიფიცირება, მათი გამოვლენა და დასჯა, რაც საბოლოო ჯამში შეკრება მანიფესტაციების დროს დანაშაულის პრევენციას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, შეკრება-მანიფესტაციებზე ე.წ. ნიღბების აკრძალვის თაობაზე”, – აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.