დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლეში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.

დონალდ ტრამპი საფრანგეთის დედაქალაქში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა. ორმხრივი შეხვედრის დაწყებისას ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა მედიასთან მოკლე კომენტარები გააკეთეს.

„ფრანგი ხალხისთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ ნოტრ დამის ხანძრიდან ხუთი წლის შემდეგ. მაშინ თქვენ პრეზიდენტი იყავით დაა მე მახსოვს თქვენი სოლიდარობა და მყისიერი რეაქცია. ასე რომ, კეთილი იყოს კვლავ თქვენი მობრძანება“, – განუცხადა მაკრონმა ტრამპს.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მასსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ და მათ ერთად ბევრს მიაღწიეს.

„როგორც ჩანს, ახლა მსოფლიო ცოტა გიჟდება და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს საზღვარგარეთ ტრამპის პირველი ვიზიტია.

ასევე იხილეთ