ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ფუნდამენტური რეკომენდაცია საქართველოს მხრიდან არის სრულად შესრულებული
“თუ გავეცნობით რეკომენდაციებს თავიდან ბოლომდე, ვნახავთ, რომ რეალურად ყველა ფუნდამენტური რეკომენდაცია საქართველოს მხრიდან არის სრულად შესრულებული და თვითონ ისინიც აღიარებენ ამას”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს ეხება სავიზო პოლიტიკას და ყველაფერს, რაც რეალურად მიმოსვლის საკითხთან არის დაკავშირებული.
“რაც შეეხება პროტესტის თუ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ეს არის საქართველოში სრულად დაცული. ერთ ასეთ გამონათქვამს მოვიტან თუ შეიძლება, ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული, მშვიდობიანი პროტესტია დაცული. ვანდალიზმი, ნგრევა, შუშების ჩალეწვა, თავდასხმა, ეს არ არის დემოკრატია. ჩვენ არ ვართ ავტორიტარული სახელმწიფო, რომელიც ადამიანს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევს და ახშობს მას, მაგრამ წესრიგი უნდა ბატონობდეს. ეს არ არის ჩემი აზრი. ეს არის ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვები.
ამიტომ საქართველო სწორედ ამ კრიტერიუმებში ზის. ჩვენთან არავის ეკრძალება გამოსვლა, პროტესტის გამოთქმა, დემონსტრაციაზე გამოსვლა, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ა. შ. აქედან გამომდინარე, ეს არის განცხადებები, რომელიც უფრო მეტად სწორედ პოლიტიკური შანტაჟის ელფერს ატარებს, ვიდრე რეალურ საკითხს”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.