ეკა სეფაშვილი: ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული
“ძალადობას გამართლება არ აქვს! ჟურნალისტებზე, უბრალო მოქალაქეებზე, სამართალდამცველზე, თუ პოლიტიკოსებზე თავდასხმები და ძალადობა ერთნაირად მიუღებელია”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი წერს.
მისი თქმით, ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული.
“თავდასხმის უმძიმესი კადრები ვრცელდება. ეს მხოლოდ მათი ნახელავია: ვისაც სახელმწიფოს ძალისმიერი გადატრიალება უნდა, ვისაც უშინაარსო აქციების მუხტის აწევა და ხალხის აგრესიის გამოწვევა უნდა, ვისაც მტრის (შინაური თუ გარეული) წისქვილზე წყლის დასხმა უნდა, ვისაც საქართველოს სუვერენიტეტი არ უნდა.
ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული. იმედია, შესაბამისი ინსტიტუციები დროულად მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ძალადობის ფაქტებზე და ყველა დამნაშავეს საკადრისი პასუხი გაეცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
P.S. დემოკრატია და ევროპული სახელმწიფო სხვისი განსხვავებული აზრის პატივისცემას და მშვიდობიან პროტესტს გულისხმობს. არჩევნებში დამარცხების აღიარება დემოკრატიის ნაწილია”, – წერს ეკა სეფაშვილი.