არჩილ გორდულაძე: ვიცით, რომ ნიღბიანების მხრიდან და დიდი ალბათობით, ესენი იყვნენ მომიტინგეები, სასტიკად იქნა ნაცემი ორი მოქალაქე, მაგრამ ამის შესახებ არავის გაუპროტესტებია და დაუგმია, რაც კატეგორიულად მიუღებელია
„კატეგორიულად მიუღებელია, მეტიც, ამაზრზენია, როდესაც ქუჩაში ვხედავთ, რომ ქალზე ძალადობენ და ამ ყველაფერში ბრუტალურ მეთოდებს იყენებენ“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
არჩილ გორდულაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სავარაუდოდ მომიტინგეების მხრიდან ნაცემ მოქალაქეებზე, რომლის თქმითაც ეს ფაქტი არავის დაუგმია, რაც მიუღებელია.
გორდულაძე ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ „არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ ორმაგი სტანდარტი გვქონდეს“.
„ამავდროულად ობიექტურობა არასდროს უნდა დავკარგოთ. ყველანაირი ძალადობა ყოველთვის უნდა იყოს დაგმობილი. ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის, მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანების მხრიდან და დიდი ალბათობით ესენი იყვნენ მომიტინგეები, სასტიკად იქნა ნაცემი ორი მოქალაქე, მაგრამ ამის შესახებ არავის გაუპროტესტებია, არავის დაუფიქსირებია თავისი პოზიცია და არ დაუგმია, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი გუნდის მხრიდან ყოველთვის არის გაცხადებული პოზიცია, რომ ნებისმიერ ძალადობას კატეგორიულად ვემიჯნებით და ყოველთვის მოვითხოვთ, რომ ასეთი ფაქტები აუცილებლად გამოძიებული იყოს და სხვა ადამიანები, რომლებიც ნაცკლასტერს წარმოადგენენ აუცილებლად უნდა გმობდნენ ასეთ ძალადობებს. მათ შორის, უნდა გმობდნენ მომიტინგეებისგან პირდაპირ, მაგალითად, ოპერატორის მიმართ სახეში ნასროლ პირო-ტექნიკას და ამ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობას.
ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და არ შეიძლება, რომ ორმაგი სტანდარტი იყოს თავიანთი კოლეგების მიმართ. მაშინ, როდესაც ობიექტური ჟურნალისტები კატეგორიულად გმობენ თავიანთ კოლეგაზე ძალადობას ნაცკლასტერის ჟურნალისტები სიტყვას არ ამბობენ არც „პოსტვ“-ის, არც „რუსთავი2“-ის, არც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ფაქტებზე რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ხელის შეშლა, ძალადობის ფაქტები და ადამიანების ცოცხლად დაწვა. არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ ორმაგი სტანდარტი გვქონდეს“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.