გიორგი გაბუნია: საქართველომ ევროკავშირისგან ყველანაირი სიკეთე, რაც უნდა მიეღო როგორც ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს, მიიღო ამ ხელისუფლების პირობებში
„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხის ინიციირებას 2028 წლამდე, ვინაიდან თავად ევროკავშირის პოზიციაა, რომ 2030 წლამდე ევროკავშირი არ აპირებს გაფართოებასთან დაკავშირებით პროცესის დაწყებას”, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბუნიამ.
„ჩვენი განცხადება თანხვედრაშიც კი არის ევროკავშირის პოზიციასთან. თუ ვინმემ რამე უნდა მოითხოვოს, მე შემიძლია ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ წავიდნენ და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გააპროტესტონ ეს საკითხი, ეს მათი ნებაა. არც ერთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა აქ არ ჩანს და ვერ იქნება.
საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ყველანაირი სიკეთე, რაც უნდა მიეღო როგორც ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს, მიიღო ევროკავშირისგან ამ ხელისუფლების პირობებში. როგორ შეიძლება, რომ ამავე ხელისუფლებას დააბრალო პროცესის შეჩერება ან შეწყვეტა. აქ არის საუბარი მხოლოდ ამ საკითხის ინიციირებაზე. ჩვენ ეს მოტივაცია გვაქვს, რადგან უნდა შეწყდეს შანტაჟი, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების. მუდმივად ხდება საზოგადოების დამძიმება ამ საკითხებით.
ამით ჩვენ საზოგადოებას სიმართლე ვუთხარით, რომ თავად ევროკავშირი არ არის მზად ამ პროცესისთვის და თუ არის, ჩვენ ვთქვით ძალიან ნათლად და გასაგებად, რომ ეს ინიციირება არის დათქმით, როგორც კი იქნება მათი მხრიდან რაიმე დადებითი იმპულსი, შემოთავაზება ან რაიმე ნაბიჯი, ჩვენ მყისიერად მზად ვართ ამას ვუპასუხოთ დადებითად. გახსენით მოლაპარაკება, ვაწერთ ხელს. ძალიან მარტივია“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.