13 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება
პარლამენტის ბიურომ 10-13 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 13 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება, ხოლო 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა, პარლამენტის შენობაში შედგება.
„მიმდინარე კვირას გვაქვს ბოლო სასესიო კვირა. პარასკევს, 13 დეკემბერს, საშემოდგომო სესია დაიხურება. შაბათს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევა შედგება. საარჩევნო კოლეგია უკვე დაკომპლექტებულია. არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტის შენობაში ჩაატარებს. ცესკო-სთან გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია, რომ ორგანიზაციულად ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი. პარლამენტის ყველა წევრი არის კოლეგიის შემადგენლობაში და მათთან გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა საორგანიზაციო დეტალს გავაცნობთ.
რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, ახალი ინიციატივებია, რომლებიც დაჩქარებული წესით უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა და განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადასცა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის და მარიამ ქვრივიშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.